2010 წლის საბიუჯეტო მონაცემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'09 / 14:54

2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 4. 865 მლრდ ლარი (მიმდინარე წელს 5.137 მლრდ ლარი), ხოლო ხარჯები 5.280 მლრდ ლარი (მიმდინარე წელს 5.527 მლრდ ლარი) იქნება.

ამდენად, მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში დაახლოებით 300 მლნ ლარით მცირდება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა განსახილველად და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი კორექტივები განიცადოს მის საბოლოო დამტკიცებამდე.

ბიუჯეტის პროექტში, მომავალი წლისთვის პენსიებისა და სხვა სოციალური დახმარებების ზრდა, მათ შორის დევნილთათვის, არ არის გათვალისწინებული. არსებული მდგომარეობით, ასაკის საფუძველზე დანიშნული პენსია 80 ლარს, ხოლო დევნილთა შემწეობები 22 და 28 ლარს შეადგენს სხვადასხვა კატეგორიებისთვის.

საბიუჯეტო ხარჯების შემცირება თითქმის ყველა უწყებას შეეხება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.529 მლრდ ლარი (2009 წ - 1.534 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 750 მლნ ლარი (2009 წ - 897 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 500 მლნ ლარი (2009 წ - 568 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 267 მლნ ლარი (2009 წ - 342 მლნ ლარი);
  • ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 22 მლნ ლარი (2009 წ - 66.5 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 775 მლნ ლარი (2009 წ - 869 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 15.8 მლნ ლარი (2009 წ - 57 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 44 მლნ ლარი (2009 წ - 64 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 100 მლნ ლარი  (2009 წ - 119 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 57 მლნ ლარი (2009 წ - 70.6 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 527 მლნ ლარი (2009 წ - 519 მლნ ლარი);
  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 65 მლნ ლარი (2009 წ - 86 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 45 მლნ ლარი (2009 წ - 113 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 29 მლნ ლარი (2009 წ - 41 მლნ ლარი);
  • ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 27 მლნ ლარი (2009 წ - 62.9 მლნ ლარი);
  • რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.1 მლნ ლარი (2009 წ - 1.3 მლნ ლარი); 
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2009 წ - 1.1 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  800 ათასი ლარი (2009 წ - 906 ათასი ლარი).

ამასთან, ყველა სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსება, გარდა ქვემო ქართლის გუბერნიისა, მცირდება და ის 500-700 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს თითოეულისთვის.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2010 წელს ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ბიუჯეტიდან სულ 700 მლნ ლარს მიიღებენ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მომავალ წელს დაფინანსება გაუნახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით, 25-25 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, რომელთა დაფინანსებაც წელს 50-50 მლნ ლარს შეადგენს. áƒáƒ›áƒáƒ¡áƒ—ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 11.7 მლნ ლარამდე, ხოლო მთავრობის კანცელარიის - 8 მლნ ლარამდე შემცირდება. 

საქართველოს პარლამენტი წლევანდელი 39.9 მლნ ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 43 მლნ ლარს მიიღებს ბიუჯეტიდან.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე მომავალ წელს 717.6 მლნ ლარია განსაზღვრული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კი 221.7 მლნ ლარით დაფინანსდება, ნაცვლად წლევანდელი 160 მლნ ლარის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიას მომავალ წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხარჯები 36.3 მლნ ლარამდე გაეზრდება; აქედან 6.3 მლნ ლარი პარტიების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 1.9 მლნ ლარია განსაზღვრული, ნაცვლად წელს არსებული 2 მლნ ლარის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 22 მლნ ლარით დაფინანსდება, წელს არსებული 25.5 მლნ ლარის ნაცვლად.

საქართველოს საპატრიარქოს წლევანდელი 25 მლნ ლარიანი დაფინანსება მომავალ წელს უცვლელად შეუნარჩუნდება.

ბიუჯეტის პროექტით, 2010 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 268.5 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 107 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მომავალ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2%-ით გაიზრდება და 19 მლრდ ლარს გადააჭარბებს. წელს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 4%-ით შემცირდება და 18.3 მლრდ ლარს გაუტოლდება.

ამასთან, პროგნოზული შეფასებებით, 2010 წლისათვის სამომხმარებლო ფასების ზრდა 3%-თაა მოსალოდნელი. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ”მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის” 2009 წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულ ლარის გაცვლით კურსში -  1.67 ლარი/აშშ დოლარი.

2010 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გრანტების სახით 376.9 მლნ ლარს მიიღებს.

 

Civil.Ge © 2001-2024