პრეზიდენტმა სამი ახალი ეკონომიკური წინადადება წარმოადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Nov.'09 / 15:27
  • დამატებით 35 მლნ ლარის დაბრუნება დღგ-ს სახით და შესაბამისი ცვლილებები 2009 წლის ბიუჯეტში;
  • საგადასახადო დავების საბჭოში ბიზნესმენთა შეყვანა;
  • 48 საათზე მეტ ხანს ბიზნესის დალუქვაზე გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი იღებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ გადალახა ”ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე პერიოდი” და ახლა საჭიროა კერძო სექტორმა დაძლიოს ”შიში, რომელიც ჯერ კიდევ ინერციით ზოგიერთს მოყვება” და დაიწყოს ინვესტირება.

კახეთის კურორტ ლოპოტაში  მთავრობის გასვლით სხდომაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სააკაშვილმა ”კერძო სექტორის სტიმულირების” მიზნით სამი ახალი ინიციატივა წარმოადგინა.

მისი თქმით, 2009 წლის ბიუჯეტში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რათა წელს კერძო სექტორს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით დამატებით 35 მლნ ლარი დაუბრუნდეს ”დაუყოვნებლივ”, ნაცვლად შესაძლო 6-7 თვიანი ჩვეული პროცედურისა. 

სააკაშვილის ინფორმაციით, 120 მლნ ლარზე მეტი დღგ-ს სახით მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში უკვე დაუბრუნდა კომპანიებს და ”ეს უფრო მეტია, ვიდრე ჯამში წინა 3 წლის განმავლობაში დაბრუნებული დღგ”. 

”ესაა სახსრები, რომელსაც სახელმწიფო უბრუნებს  უკან გადამხდელებს, ბიზნეს-სუბიექტებს იმისათვის, რომ მათ განავითარონ თავიანთი ბიზნესი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს პასუხი იმათ, ვინც ჩივის იმაზე, რომ ზედმეტად აქტიურობს ჩვენი საგადასახადო ორგანოები და არ რჩებათ საბრუნავი საშუალება”.

მეორე ინიციატივა ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ბიზნესმენთა ფედერაციისა და სამრეწველო-სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა ჩართვას, რათა ”ბიზნესის წარმომადგენლების თანდასწრებით მიმდინარეობდეს ამა თუ იმ საგადასახადო დავის გადაწყვეტა”.

მესამე ინიციატივის თანახმად, 48-საათზე მეტი ხნით საწარმოს დალუქვის შესახებ გადაწყვეტილება, არა საგადასახადო სამსახურის ქვედა რგოლებმა, არამედ ფინანსთა მინისტრმა უნდა მიიღოს.

ამ წინადადებებს წინ უსწრებდა პრეზიდენტის ინიციატივა თავისუფლების აქტის შესახებ, რომელიც ასევე ისახავს მიზნად ”კერძო სექტორის ხელშეწყობას”.

”ეკონომიკა დასტაბილურდა და მთელ რიგ სექტორებში იგრძნობა ბევრად უფრო მეტი აქტიურობა და გამოცოცხლება. ამის შედეგად პირველ რიგში იგრძნობა ინვესტორების ნდობის დაბრუნება,”- განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას, ”ახლა მთავარია კერძო სექტორი გამოვიდეს საღათას ძილიდან და დაიწყოს ინტენსიური ინვესტირება”.

Civil.Ge © 2001-2024