დეპუტატები საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jun.'10 / 17:23

დეპუტატები განიხილავენ მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯების, დაახლოებით, 215 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი 150 მლნ ლარით საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ საბიუჯეტო გრანტების მიღებით გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები განაპირობა მოსალოდნელმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ნაცვლად დაგეგმილი 2%–ისა, მიაღწევს 4.5%–ს.

“წლის პირველ კვარტალში ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკა დაგეგმილზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო საფინანსო კრიზისის მეტ–ნაკლებად დაძლევით, რამაც პოზიტიური გავლენა ჰპოვა საქართველოს ეკონომიკაზეც,“– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 10 ივნისს. 

გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება:

24 .2 მლნ ლარი დევნილთა სახლების მშენებლობას, 6.5 მლნ ლარი მათზე გასაცემ კომპენსაციებს, ხოლო 3.4 მლნ ლარი დევნილთა კომუნალური გადასახადების დაფარვას მოხმარდება.

9.4 მლნ ლარი პენიტენციალურ სისტემაში მშენებლობა–რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული

რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დამატებით 12.5 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო 9 მლნ ლარი მოხმარდება რაჭაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას.

23.8 მლნ ლარია გათვალისწინებული ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე.

20.0 მლნ ლარი მიიმართება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში საქართველოს მხარის თანამონაწილეობაზე.  

2.6 მლნ ლარი კი გერმანიაში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენას მოხმარდება.

Civil.Ge © 2001-2024