სააკაშვილის თქმით, საქართველო 5–7 წელიწადში დუბაის დაემსგავსება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'10 / 12:36

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ივნისს ბათუმში განაცხადა, რომ თუ საქართველო განვითარების არსებულ ტემპს შეინარჩუნებს, ხუთ ან შვიდ წელიწადში ის დუბაის დონეს მიაღწევს.

"ცოტა ხნის წინ ვიყავი დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – და ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ მიყვარს გადაჭარბება – მაგრამ ყოველგვარი ჰიპერბოლიზაციის გარეშე: თუ საქართველო ასე განვითარდა, როგორც ჩვენ ვითარდებით, იქ სადაც არის დღეს დუბაი, იქ ვიქნებით ხუთ, ექვს, შვიდ წელიწადში,“ – განაცხადა მან.

"ერთის მხრივ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს საოცარი გაჭირვება... და მეორეს მხრივ, აგერ უკრაინული ჟურნალი "კორესპონდენტი“ [და მან ჟურნალის ერთ–ერთი ბოლო გამოცემა წარმოადგინა], რომელიც ლაპარაკობს ყდაზე ქართულ სასწაულზე... ‘ქართული ახალგაზრდობა აქცევს საქართველოს სინგაპურად და ჰონგ–კონგად’ – ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის მათ მიერ აღფრთოვანებული რეპორტაჟი საქართველოზე,“ – განაცხადა მან. 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ რეფორმების ქართული გამოცდილება გაიზიაროს.

"ჩვენც ძალიან ბევრს ვსწავლობთ ჩვენზე პატარა ქვეყნების გამოცდილებიდან – ბოლოს და ბოლოს, სინგაპური, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ჩვენზე პატარა ქვეყანაა ტერიტორიით; დუბაიც ჯერჯერობით ჩვენზე პატარაა ნამდვილად ,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ მმართველ პარტიას შეუძლია საკუთარი "პოპულარობა რეფორმებზე დახარჯოს“ და პირველ რიგში, განათლების სისტემაში, კერძოდ კი უნდა მოხდეს "მოდერნიზაცია მთელი საზოგადოების განათლების მეშვეობით“.

მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების რეფორმების კურსს მხარდაჭერა აქვს და დასძინა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველთა უძლიერეს ბაზას 18–დან 25 წლამდე ახალგაზრდა ამომრჩეველთა 80% და ასევე "საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი“ წარმოადგენს.

 

Civil.Ge © 2001-2024