პრეზიდენტი ფასების ზრდის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jan.'11 / 17:45

ფასების ზრდის პირობებში საქართველომ ფოკუსირება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა გააკეთოს, მათ შორის ტურიზმის სფეროში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

"დღევანდელ პირობებში, როცა მართლა ბევრი გამოწვევაა ჩვენ შორის ეკონომიკური, მათ შორის ის, რომ გადაირიენ ფასები მსოფლიო ბირჟაზე: საწვავი ძვირდება, საჭმელი ძვირდება, ელემენტარული მოხმარების საგნები ძვირდება, ერთადერთი ჩვენი გამოსავალი იმ პირობებში, როცა ჩვენ საწვავს არ ვაწარმოებთ, არის რომ ჯერ ერთი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავზარდოთ, რომელსაც აწარმოებს საქართველო – ამისათვის შემოგვაქვს ჩვენ აქ გარშემო, მათ შორის ახალი თესლი, ახალი ჯიშები; და მეორე განვავითაროთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს და მათ შეეძლოთ ამ გაძვირებული პროდუქციის ყიდვა და დასაქმების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ტურიზმი,“– განაცხადა მან 20 იანვარს.  

სააკაშვილმა ეს განცხადება სიღნაღში სტუმრობისას გააკეთა, სადაც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ გახსნილი ახალი სასტუმრო მოინახულა. მისი თქმით, სასტუმრო პროკურატურის ყოფილ შენობაშია განთავსებული.

“ადრე პროკურატურა შედიოდა ბიზნესებში, ისეთებში როგორიც აქვს თემურს და ახლა კერძო ბიზნესი შევიდა პროკურატურაში, ოღონდ რა თქმა უნდა, საქმის გასაკეთებლად,“– აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ჭყონია მორიგი სასტუმროს აშენებას მესტიაში გეგმავს.

დეკემბერში, მესტიაში მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა მოუწოდა ბიზნეს სექტორს "თვალები გაახილოს“ და ინვესტიციები განახორციელოს სვანეთში სასტუმროების მშენებლობაში, რომელიც, მისი თქმით, ოთხ წელიწადში სულ ცოტა 500 000 ტურისტს უმასპინძლებს.

Civil.Ge © 2001-2024