Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველო უარყოფითი მიმართულებით მიდის
Civil Georgia, Tbilisi / 11 Apr.'18 / 14:06

Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით 2017 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესდა.

„გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები - 2018“ არის ყოველწლიური კვლევა, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში 2017 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა, 4.68-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია ვიდრე 2017 (4.61), 2016 (4.61) და 2015 წლებში (4.64); 2014 წლის ანგარიშში 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. Freedom House-ის 2013 და 2012 წლის ანალოგიურ კვლევებში საქართველოს 4.75 და 4.82 ქულები ჰქონდა, შესაბამისად.

ქულები წარმოდგენილია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალი. ცალკეული ქვეყნების რეიტინგები ორგანიზაციის, მისი მრჩევლების და ცალკეული ქვეყნების შესახებ ანგარიშების ავტორების კონსენსუსის საფუძველზე შედგა (საქართველოს შესახებ მოხსენების ავტორი მოცემული არ არის).

დემოკრატიულობის საერთო ქულა გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომელიც მოიცავს: საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემას და კორუფციას – ყველა ამ ცალკეული კატეგორიის მაჩვენებლები საქართველოსთვის 2017 წელს უცვლელი დარჩა - გარდა დამოუკიდებელი მედიის და სასამართლო სისტემის მაჩვენებლებისა. ორივე ამ კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი 0.25 ქულით შემცირდა.  

საქართველო ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში 

Freedom House-ის „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების“ პროექტის დირექტორი ნეით შენკანი ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში აღნიშნავს, რომ 2017 წელს ანგარიშში ასახული 29 ქვეყნიდან 19-ში დემოკრატიულობის ქულების კლება დაფიქსირდა, რაც წინა კვლევების მაჩვენებლებს აღემატება.

„ცენტრალურ ევროპაში, მთავრობები, რომლებიც უარყოფენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან შერწყმას ცდილობენ, გამონაკლისს აღარ წარმოადგენენ“, - წერს შენკანი.

„გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების რეგიონის ევროპულ ნაწილში არსებული გაუარესების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ევრაზიის ის ქვეყნები, რომლებიც ავტორიტარიზმის რისკის წინაშე იმყოფებიან - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი - უარყოფითი მიმართულებით მიდიან“, - დასძინა მან.

„საქართველოში, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთი წლის თავზე, 2013 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება“, სადაც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებს მაღალი თანამდებობები უკავიათ. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმები კვლავ ემუქრება ქართულ პოლიტიკას“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ქვეყნის მიმოხილვა

ანგარიშის თანახმად, 2017 წელი „საერთო ჯამში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვისთვის უკუსვლების პერიოდი იყო“. „საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდა ბალანსის დაცვა ერთი მხრივ, დემოკრატიზაციის განვითარების შეუთავსებელ მიზნებსა და მეორე მხრივ, ძალაუფლების გაძლიერებას შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.

„უენერგიო დემოკრატიული რეფორმების ტენდენცია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, ბოლო წლებში შეჩერებულია. საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია მანამდე დარჩება არასრულყოფილი, სანამ ქვეყნის მმართველი ელიტის პრიორიტეტები გაყოფილი იქნება დემოკრატიზაციას და ძალაუფლებაში დარჩენას შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედიის რეიტინგის კლება სავარაუდოდ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზირებულმა სარედაქციო პოლიტიკამ, კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლამ და სახელისუფლებო კერძო ტელევიზიებს შორის მფლობელობის კონსოლიდაციამ“ გამოიწვია.

დოკუმენტის თანახმად, სასამართლო სისტემის და დამოუკიდებლობის კატეგორიაში კლება გამოიწვია „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო დეპორტაციამ აზერბაიჯანში და გახმაურებულმა საქმემ, სადაც ხარვეზებით სავსე სასამართლო პროცესის შემდეგ უცხოურ კომპანიას სადამსჯელო ჯარიმები დააკისრეს“.

Civil.Ge © 2001-2024