სვანტე კორნელი: აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს
Civil Georgia, Tbilisi / 19 Apr.'18 / 12:39


სვანტე კორნელი. ფოტო: კადრი YouTube-დან

სვანტე კორნელი სტოკჰოლმში მდებარე უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. ზვიად აძინბაია Civil.ge-ს სახელით მას უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ესაუბრა.

უსაფრთხოების სფეროში, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების რა პერსპექტივებს ხედავთ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში?

ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიუხედავად, ვფიქრობ, ინსტიტუციური თვალსაზრისით, პროცესის დაძვრისთვის საკმარისი მზაობა არსებობს. საქართველოსთვის ახლა მთავარი საკითხი, გარე საფრთხეებისგან დაცვაა. მოცემული მომენტისთვის, უსაფრთხოების სფეროში, შესაძლოა თანამშრომლობთ კიდევაც, მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციას აღარ განაგრძობს? საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ არსებულ თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი პოტენციალი  აქვს. ერთადერთი კითხვა, რაც შეიძლება გაჩნდეს, არის ის, თუ რამდენად თანხვედრაშია ის იმ სტრატეგიულ მიზანთან, რომლის მიღწევაც ამ ორ ქვეყანას სურს?

რა სფეროებში შეიძლება განვითარდეს აღნიშნული თანამშრომლობა?

მისასალმებელია, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთვის თავდაცვითი სისტემების, კერძოდ კი, ჯაველინების მიყიდვით აღინიშნა. ამავე დროს, თუკი ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკის, ან უფრო ფართო რეგიონული სტრატეგიის გარეშე ხორციელდება, მაშინ ისმის კითხვა  - როგორ უნდა მოხდეს რუსეთის ასიმეტრიულ გამოწვევებთან ადგილზე გამკლავება?

ფიქრობთ, რომ ამგვარი სტრატეგია არ არსებობს?

ვფიქრობ, რომ არა. არსებობს ინდივიდუალური პოლიტიკა, რომელიც ზოგჯერ აქტიურია, ზოგჯერ კი  რეაქტიული. თუმცა, ის სტრატეგიის ნაწილი არ არის. ნათელია, რომ ჩვენ მხარი საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას უნდა დავუჭიროთ. თუმცა, აბსოლუტურად გაურკვეველია: ა) თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს საკითხები ერთმანეთთან, ანუ რა კავშირია საქართველოს დემოკრატიასა და უსაფრთხოებას შორის; ბ) ასევე, მნიშვნელოვანია  რეგიონული კონტექსტიც. ამით, იმის თქმა მინდა, რომ რეგიონული კონტექსტი, სადაც საქართველო სტრატეგიულად არის მოქცეული, არ არსებობს.

რა ძირითადი შესაძლებლობების გამოყენება შეუძლია ორივე ქვეყანას?

დადებითი ასპექტი ის არის, რომ საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით, შედარებით პროგნოზირებადი გარემოა. მართალია, რუსეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა მყისიერი სამხედრო კონფლიქტის საფრთხე მაინც არ არსებობს. რუსებმა ეს ერთხელ სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. როგორც იცით, მათი მიზანი არა მხოლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი), არამედ მთლიანი საქართველო იყო. იგივე იყო უკრაინაშიც, როდესაც რუსეთმა მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, მან ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა. იმის თქმა მინდა, რომ ქართული მხარისგან გრძელვადიანი და მკაფიო სტრატეგიული ორიენტაციის შექმნის შესაძლებლობა არსებობს. ამჟამად, საქართველოს ასეთი ორიენტაცია დასავლეთთან მიმართებით აქვს. თუმცა, არა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსეთს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ობამას ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  რეგიონში სტრატეგიული ხედვა დაკარგა (ცენტრალური აზია - კავკასია, უკრაინის მოვლენებამდე). როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, დასავლური პერსპექტივიდან, დემოკრატიასა და უსაფრთხოებას შორის კავშირი კვლავ ბუნდოვანი იყო. სააკაშვილის პერიოდში, რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, აშშ-ის მთავრობისგან გარკვეული ბიძგები იყო. დღეს მე სტრატეგიის აბსოლუტურ აუცილებლობას ვხედავ და ეს მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. ის დაწყებული კავკასიით, თურქეთით და შუა აღმოსავლეთით დამთავრებული, მთლიან რეგიონზე უნდა იყოს მორგებული.

როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

ვფიქრობ, რომ ბიუროკრატიის დონეზე ნამდვილად შესაძლებელია. აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცოტა გაურკვევლობაშია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მომენტში, საპრეზიდენტო არა, მაგრამ სამთავრობო დონეზე ამის განხილვა, ნამდვილად რეალისტურია.

რა საკვანძო წინააღმდეგობები არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის ამ პროცესში?

ერთ-ერთი წინააღმდეგობა, შესაძლოა იყოს საქართველოს, ასე ვთქვათ, როგორც ცალკე კუნძულის, რეგიონული კონტექსტის გარეშე განხილვა. შეიძლება გქონდეთ, ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან ცალ-ცალკე ვერ გექნებათ. ამიტომ, უმჯობესია, თუკი ის ამერიკის უფრო ფართო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იქნება. 

რეგიონში განსხვავებული ინტერესების მქონე მოთამაშეების გათვალისწინებით, ამგვარი პერსპექტივის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?
 
თუ გსურთ, რომ წარმატებას უფრო ფართო, რეგიონულ ჭრილში მიაღწიოთ, დემოკრატია და უსაფრთხოება ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ დემოკრატია უკვე რელევანტური აღარ არის. თუმცა, ყურადღება უფრო ფართო კონტექსტზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე უნდა გამახვილდეს. ასე უნდა იყოს, როგორც დემოკრატიულ, ისე ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებთან.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობა რომ გაიზარდოს?

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს საქართველო და რას აჟღერებს ის. მართალია, საქართველოს ელჩის სახით ძლიერი წარმომადგენელი ჰყავს ვაშინგტონში, მაგრამ მხოლოდ მისი ძალისხმევა საკამრისი არ არის. მაგალითად, წინა ხელისუფლების პირობებში, ბევრი ადამიანი, მათ შორის, თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიური იყო. ისინი ბეჭდავდნენ სტატიებს საერთაშორისო გამოცემებში, სიტყვით გამოდიოდნენ კონფერენციებზე და  ამერიკილებს საქართველოს მნიშვნელობაზე, მის მიმზიდველობაზე ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, თუ რატომ იყო მათი დახმარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. დღეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკაა.

წარსულშიც იყვნენ ისეთებიც, ვინც აცხადებდა, რომ საქართველომ თავისი მოკავშირეები არ უნდა შეაწუხოს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. საქართველომ მუდმივად უნდა მიმართოს იმ ადამიანებს, ვინც მას პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება.
 
როგორ შეეცდება რუსეთი, გავლენა იქონოს  საქართველოში, უსაფრთხოების კუთხით, აშშ-ის მზარდ ჩართულობაზე? 

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ როდესაც რუსებს ესმით, რომ ისეთი რამ ხდება, რასაც ვერ შეაჩერებენ, ისინი უკან იხევენ და სხვა გზით მიდიან. 2007-2008 წლებში მათ ღია ასპარეზი დაინახეს. მათ შორის, ბუშის სუსტი ადმინისტრაცია და ნატოს შიგნით არსებული უთანხმოება. მათ კოსოვოს მაგალითი საქართველოს დაპყრობის შესაძლებლობად გამოიყენეს და ასეც გააკეთეს. თუმცა, იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერეს, რომ ამით ქვეყანაში მთავრობას ვერ შეცვლიდნენ, მათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წაიღეს, რომელიც ისედაც თბილისის კონტროლს მიღმა იყო.

მაგალითი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან უნდა აიღოთ. რუსეთთან მათი ურთიერთობები მას შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც ნატოში გაწევრიანდნენ. რუსები მიხვდნენ, რომ ბრძოლა წააგეს და მისი შედეგებიც აღიარეს. ამ კონტექსტში, აშშ-ის ქმედება გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული და რუსებს სცოდნოდათ, რომ საქართველოსთანაც ვერაფერს გახდებოდნენ, ეს კარგად იმუშავებდა. სამწუხაროდ, ახლა უკვე ეს ასე არ არის. რუსეთმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში შეაღწია და თავის ინსტრუმენტს საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. ამგვარი ქმედებით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ მოსკოვის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ მათ ნებისმიერ თამამ ნაბიჯს სათანადო შედეგი მოჰყვება.

როგორ ხედავთ საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მომავალს?

საქართველომ საკუთარი თავი ევროპისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს. მაგალითად, როგორც ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ურთიერთობების გაუმჯობესებით ალასანიამ გააკეთა. მან  ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყო ხელი. შემიძლია ფრანგი მინისტრის ციტატაც კი გავიხსენო, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს გარეშე საფრანგეთის მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეუძლებელი იქნებოდა. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ იქცა საფრანგეთი, რომელიც  საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, მის მხარდამჭერად. დღეს ქართველებმა სტრატეგიულად უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება ევროპას და „როგორ შეგვიძლია ჩვენ მათი დახმარება“. ევროპაში  ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ისინი თავდაცვისთვის სჭირდება. ამიტომ, მათთვის ასეთი განმარტებაა საჭირო: „მე გთხოვთ, არა იმას, რომ დამიცვათ, არამედ მომცეთ შესაძლებლობა, რომ თავად შევძლო საკუთარი თავის დაცვა“.

Civil.Ge © 2001-2024