ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 24 Apr.'18 / 12:42


სერგეი აქსიონოვი და ანატოლი ბიბილოვი იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, 20 აპრილი. ფოტო: facebook.com/aksenov.rk

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს ყირიმში იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში იგი სერბ დეპუტატებს და სირიის ეკონომიკის მინისტრს, მოჰამად სამერ ალ-ხალილს შეხვდა.

იალტაში ბიბილოვს ყირიმის ავტონომიური რესპუბლის „პრემიერ-მინისტრმა“ სერგეი აქსიონოვმა უმასპინძლა. 20 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, ბიბილოვმა და აქსიონოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოქმს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ყირიმის რესპუბლიკას“ შორის.

სირიის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ბიბილოვმა სოლიდარობა გამოხატა სირიელი ხალხის მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, დასავლური ქვეყნების „ტერორის და აგრესიის“ წინაშე აღმოჩნდნენ და დასძინა, რომ ის დახმარება, რომელსაც მათ რუსეთი უწევს, ქვეყანას „მშვიდობას და კეთილდღეობას“ მოუტანს.

მან ასევე განუცხადა ეკონომიკის მინისტრს, რომ მას სირიასთან ურთიერთობების გაღრმავება სურს და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში მიიპატიჟა.

ცხინვალის ლიდერი ასევე შეხვდა სერბ დეპუტატებს - ბოშკო ობრადოვიჩს და ივან კოშტიჩს მოძრაობა „დვერიდან“ და უთხრა მათ, რომ რუსეთი „სერბი და ოსი ხალხის საერთო სტრატეგიული პარტნიორია“.

„ჩვენ დადებითი გრძნობები გვაქვს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ვინაიდან საერთო ჩვეულებები, ტრადიციები და შეხედულებები გვაქვს. გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთს ვესტუმროთ და თანამშრომლობა გავაღრმავოთ“, - იტყობინება ბიბილოვის პრესსამსახური ობრადოვიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.

ბიბილოვი იალტაში ასევე შეხვდა იტალიელი სენატორების და ბიზნესმენების ჯგუფს და რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის „საერთო [ეკონომიკური] პროექტების“ განხორციელების შესაძლებლობა“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა, რომელიც ასევე ახლდა ბიბილოვს ყირიმში, ცალკე შეხვედრები გამართა იაპონიის პოლიტიკური ორგანიზაციის „ისუიკაის“ თავმჯდომარესთან, მიცუხირო კიმურასთან და ერიტრეას ელჩთან რუსეთში, პეტროს ცეგაი ასგედომთან.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ იალტის ფორუმს, სირიის ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ და იგი აფხაზეთში მიიწვიეს.

Civil.Ge © 2001-2019