გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 25 Apr.'18 / 14:18


გიორგი გახარია და ლინას ლინკევიჩუსი, 23 პარილი, 2018. ფოტო: facebook.com/MIAofGeorgia

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვას სტუმრობდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუსს და შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხები განიხილა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახარიამ ლიტვის ოფიციალურ წარმომადგენლებს ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან ასაცილებლად გადადგა, მათ შორისაა მთავრობის გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრების თაობაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქართველი თავშესაფრის მაძიებლების მზარდი რაოდენობის შესამცირებლად.

23 აპრილს შეხვედრის შემდეგ საუბრისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის განხორციელებაში „გარკვეული სირთულეები“ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა „მიიღებს ზომებს ყველა ეჭვის და კითხვის გასაქარწყლებლად“.

„ვხედავთ, რომ საქართველო აშკარა მზადყოფნას იჩენს მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად; ამრიგად, ეჭვიც არ გვეპარება, რომ უახლოეს მომავალში ისინი დადებით შედეგებს მოიმკიან“, - განაცხადა მან.

22-24 აპრილს განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს, ლინას პერნავასსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა მოწმეთა დაცვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები განიხილეს.

Civil.Ge © 2001-2024