Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კომუნიკაციების კომისიის კვლევის თანახმად, მაყურებელს გასართობი გადაცემები აინტერესებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'11 / 17:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს.

კომისიის დაკვეთით, BCG Research-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, რესპონდენტების 35.5% მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას; შემდეგ მოდის გასართობი თოქ–შოუები (29%); სატელევიზიო სერიალები (20%); მხატვრული ფილმები (16.2%) და იუმორისტული გადაცემები (15.7%).

კვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემები მეათე ადგილზეა 10.6%–ით, ხოლო ანალიტიკური გადაცემები – მეცამეტე ადგილზე 3.9%–ით.

ამ კვლევის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება ევროკავშირის მხარდაჭერით 2009 წლის ოქტომბერში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისგან, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალი ამბებისადმი და საგამოძიებო რეპორტაჟებისადმი ძალიან დიდი იყო ინტერესი.

5 აპრილს კომუნიკაციების კომისიაში კვლევის შედეგების საჯარო მოსმენებისას კომისიის სამართლებრივი დეპატამენტის უფროსმა  კახი ყურაშვილმა განაცხადა, რომ ორი სხვადასხვა კვლევის შედარება უადგილოა. "როდესაც შევეცადეთ, რომ აღნიშნული შეგვედარებინა, გამოირკვა, რომ ეს შეუძლებელია მეთოლოგიის გამო," –განაცხადა ყურაშვილმა. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიების მაძიებლებისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს.

კანონის თანახმად, კომისიამ ამგვარი კვლევები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს; ბოლოს წინა კვლევა 2004 წლის ივლისში ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მაშინ ყველაზე პოპულარული საინფორმაციო გადაცემები იყო; მას მოსდევდა მხატვრული ფილმები, იუმორისტული და მუსიკალური გადაცემები და სხვადასხვა ტიპის თოქ–შოუები.

ამ ბოლო კვლევის გამოქვეყნება დღემდე ჭიანურდებოდა, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კრიტიკის ერთ-ერთი წყარო იყო, რადგან კომისია, იმ საბაბით რომ ჯერ კვლევის შედეგები უცნობი იყო და შესაბამისად, პიორიტეტებიც დაუდგენელი, სამაუწყებლო ლიცენზიების მსურველთა უმეტესობას ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნებოდა.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდეტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ტელევიზიებში გასართობი და მუსიკალური გადაცემების ნაკლებობაა; რესპონდეტთა მხოლოდ 11.3%–მა განაცხადა, რომ ისინი საინფორმაციო გადაცემების ნაკლებობას განიცდიან.

ბოლო კვლევის თანახმად, რესპონდენტებს ნაკლები ინტერესი აქვთ სათემო რადიო სადგურების მიმართ; მასში ნათქვამია, რომ ამგვარი რადიოების მიმართ ინტერესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი არ არის. 

ამ საკითხზე 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე ხანმოკლე დებატებიც შედგა, რომლის დროსაც დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ამ კვლევის სანდოობა ძალიან საეჭვოა. მისი თქმით, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ მაყურებელი თვლიდეს, რომ ის მოკლებულია გასართობ გადაცემებს, რადგან ამ სახის გადაცემებით ისედაც ”გადატვირთულია” ტელევიზიები.

მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევა შესაძლოა იმისთვის გამოიყენოს, რომ ტელეკომპანიებს თავიანთი საპროგრამო ბადის შეცლა მოსთხოვოს კვლევის შედეგების შესაბამისად.

ამის საპასუხოდ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მართალია მათ, ვისაც უკვე გააჩნიათ სამაუწყებლო ლიცენზიები, საპროგრამო ბადეების შეცვლას არავინ მოსთხოვს, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ახალი ლიცენზიების გაცემისას პრიორიტეტს იმ საკითხებს მიანიჭებს, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა. 

კომუნიკაციების კომისიის 5 აპრილის სხომაზე კომიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მოსეშვილმა, იმ მოტივით, რომ კვლევა "მოძველებულია“, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ხელახალი კველევის ჩატარება.

მისი თქმით, "უახლოესი ორი წელი ქართული საზოგადოებისთვის იქნება საკმაოდ პოლიტიკურად დატვირთული, 2012 წელს საპარლამენტო, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გამო და  მე ვფიქრობ,  რომ საინფორმაციო–ანალიტიკურ  პროგრამებზე მოთხოვნა გაიზრდება“.

მოსეშვილის წინადადება კენჭისყრის დროს ხუთი ხმით, ერთის წინააღმდეგ ჩავარდა.

კომისია 18 აპრილს, მომდევნო სხდომაზე არსებული კვლევის საფუძველზე ტელე–რადიო მაუწყებლობის ახალი პრიორიტეტების დამტკიცებას გეგმავს.

"ეს იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულის შემდგომ უკვე განახლდება სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის პროცედურა და  კომისია, კანონის შესაბამისად, იხელმძღვალენებს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით," – განაცხადა ყურაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის კომისიაში ლიცენზიის მაძიებელთა, დაახლოებით, 25 განაცხადია შესული.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11