Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური კოალიცია შექმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივლ.'11 / 15:59


მარცხნიდან მარჯვნივ: კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის ლიდერი; კობა დავითაშვილი,ხალხის პარტიის ლიდერი; ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერი; დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკელების ლიდერი; ზვიად ძიძიგური, კონსერვატორების ლიდერი; და კახა სეთურიძე, საქართველოს გზის თავმჯდომარე 8 ივლისს კალათბურთის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. ფოტო:გურამ მურადოვი/Civil.ge 

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 8 ივლისს განაცხადა, რომ ქმნის პოლიტიკურ კოალიციას „თავისუფალი არჩევანისთვის“, რომლის მიზანია არჩევნების გზით მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას.

“კოალიცია იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შექმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კოალიციაში შედიან: ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია – პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რვა თვის განმავლობაში ერთობლივად აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ოპოზიციური რვიანის“ ფარგლებში, ვიდრე ამ გაერთიანებას ხელისუფლების შეთავაზებებზე დათანხმების შედეგად ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან–დემოკრატები დატოვებდნენ. 

კოალიციის შექმნის შესახებ განცხადება ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა კალათბურთის სასახლის თითქმის გავსებულ დარბაზში, სადაც საზოგადოების ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო შეკრებილი.

კოალიციის განცხადებით, ახალ გაერთიანებაში შემავალი პარტიები შეიმუშავებენ ერთობლივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პლატფორმებს და მზად არიან იდეოლოგიურ საკითხებზე ერთმანეთში არსებულ განსხვავებებზე გონივრული კომპრომისებისათვის.

თუმცა კოალიცია აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთ ბლოკად მონაწილეობის, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების თემები დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას და აქტუალური გახდება მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საარჩევნო გარემოს ძირითადი კონტურები.

კოალიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი შეხედულება, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესახებ, უცვლელი რჩება, პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა იცვლება და ის უკვე მდგომარეობს არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არამედ "ვერთიანდებით საარსებო გარემოს შესაცვლელადაც“.

“თუ დღემდე ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, დღეიდან ჩვენი ამოცანაა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კოალიცია აცხადებს, რომ იწყებს სამოქალაქო მოძრაობას, რათა მოხდეს მილიონი მოქალაქის მობილიზება, რომელიც დაიცავს საკუთარ ხმას და იბრძოლებს საკუთარი თავისუფლებისათვის, რადგან ეს "თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საქმეა და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ასპარეზი“.

"მომავალი არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად წავალთ [მიმართა შეკრებილ საზოგადოებას], იქნება სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ჩაერთვება მილიონი კაცი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, "მილიონი კაცი იგებს არჩევნებს და არა მილიონი ლარი. ვისაც ჰგონია, რომ მილიონი ლარი იგებს არჩევნებს, იმ ადამიანებისაგან [გულისხმობდა ახალ მემარჯვენეებს და ქრისტიან–დემოკრატებს] გათავისუფლებულები ვართ“.

კოალიციის განცხადებით, ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში სამი ინიციატივა არის ჩამოყალიბებული.

ერთი მათგანი ეხება ეროვნული მასშტაბით კამპანიის დაწყებას სახელწოდებით „მახსოვს!“, რომელიც გასტანს საპარლამენტო არჩევნებამდე და რომლის ფარგლებშიც გამუდმებით მოხდება „უსამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის“ წარმოჩენა და იმის დემონტრირება, თუ "რისი დავიწყება არ შეიძლება და რატომაა აუცილებელი უკეთესი ხელისუფლება“.

მეორე მიმართულება იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე.

მესამე ინიციატივა შეეხება, „აქტიური პოზიციების მქონე მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიებისაგან“ დაცვას, მათი სამართლებრივი დახმარების და ყოველი ასეთი ფაქტის საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გაცნობის გზით.

ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში "ჩვენ, პოლიტიკოსებმა“ მოქალაქეებს იმედები გაუცრუეს, რადგან ოპოზიცია "იყო დაკავებული უფრო საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით და თვითგადარჩენით, ვიდრე საერთო საყრდენის პოვნით და ყველაზე მნიშვნელოვანის ირგვლივ გაერთიანებით“.

"მაგრამ დღეს ვიღებთ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას[კოალიციის შექმნაზე], რომელიც, ჩემი აზრით, სტიმული, საფუძველი უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში ბრძოლის ჟინის გაჩენის“, – განაცხადა მან.

“2012 წელს ჩვენ ან ვიმარჯვებთ და ვუშვებთ ამ ‘სინგაპურულ’ ხელისუფლებას და ვიღებთ საქართველოს, ან არადა, თუ სააკაშვილი რჩება 2012 წელს, ისინი დარჩებიან ძალიან, ძალიან დიდი ხნით“, – განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თავის გამოსვლაში. 

კოალიციის გეგმებზე მასში შემავალი პარტიების სხვა ლიდერებმაც ისაუბრეს, ისევე როგორც სიტყვით გამოვიდნენ მათი მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც კოალიციას „რევოლუციური შემართებით“ ბრძოლის ბოლომდე მიყვანისაკენ მოუწოდეს. მათმა უმეტესობამ ასევე აღნიშნა, რომ კოალიციას არ ექნება უპირობო მხარდაჭერა, თუ ისინი დასახულ მიზნებზე მხოლოდ ილაპარაკებენ, გზიდან გადაუხვევენ და შესაბამისად არ იმოქმედებენ.

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13