Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო: დროა გარემოს დაცვას სერიოზულად მოვეკიდოთ
Civil Georgia, Tbilisi / 16 თებ.'18 / 18:00


კინტრიშის დაცული ტერიტორიები, აჭარა. ფოტო: facebook.com/protectedareas.ge

საქართველო დღეს თავისი მშპ-ს ძირითად ნაწილს ტურიზმიდან იღებს. თავის მხრივ, ტურიზმს ხელს უწყობს ქვეყნის მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებრივი გარემო. საქართველოს გარემოსდაცვითი და კულტურული ფაქტორები არა მხოლოდ მიმზიდველია, არამედ ძირითადად ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გარემოს დაცვას ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევს, და ეს ცუდია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც საქართველოს სპეტაკი ბუნება და ისტორიული ძეგლები უყვარს. ეს ცუდია ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც. 

გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გააუქმა და მისი ფუნქციები სხვა სამინისტროებში გაერთიანებულ დეპარტამენტებს გადაუნაწილა. თუ იფიქრეთ, რომ ამ რეორგანიზაციის მიზანი სამთავრობო ხარჯების შემცირება იყო (ისე, რომ გარემოს დაცვას ზიანი არ მიდგომოდა), იმედი უნდა გაგიცრუვოთ. გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტურს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას წინ უძღოდა მრავალი წლის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - თანამშრომელთა დაბალი ხელფასები, კადრების მაღალი დენადობა და შემცირება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეროვნულ პარკებზეა პასუხისმგებელი, ექვსი წლის განმავლობაში შვიდი დირექტორი გამოიცვალა. იმავე პერიოდში ექვსჯერ შეიცვალა გარემოს დაცვის მინისტრი. ეს თანამდებობა ამჟამად საერთოდ გაუქმებულია. (ყოფილი) გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ხშირად მათ იმედი უცრუვდებოდათ იმის გამო, რომ ვერ არწმუნებდნენ კოლეგებს სხვა სამინისტროებიდან თავიანთი სამუშაოს მნიშვნელობაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთმა მაღალი თანამდებობის თანამშრომელმა, რომელმაც შემდგომში დატოვა სააგენტო, დაცული ტერიტორიების მიმართ განვითარების საფრთხეებზე საუბრისას, მითხრა: „მოგვეცით სტატისტიკური მონაცემები, რომ გარემოს დაცვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენც შეგვეძლოს რამის თქმა, როდესაც სხვა სამინისტროები ამბობენ, რომ მათ რეალური ფული შემოაქვთ, ჩვენ კი მხოლოდ ყვავილების და კურდღლების დაცვით ვართ დაკავებულნი“.     

სახელმწიფო სტრუქტურების ეკონომიკური სარგებლის შესახებ არგუმენტი განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საქმე ჰიდროენერგეტიკას ეხება. რანაირად შეიძლება ბუნების დაცვა დაუპირისპირდეს იმ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც კაშხლების მშენებლობას, მშენებლობაზე ადამიანების დასაქმებას და საქართველოს მეზობლებისთვის ელექტროენერგიის ასერიგად საჭირო უცხოურ ვალუტაში მიყიდვას მოაქვს?  

პასუხი ასეთია: მარტივად. საერთაშორისო ტურიზმმა 2017 წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემატა, ელექტროენერგიის ექსპორტმა კი - მხოლოდ 18.2 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა. ის ორი მილიარდი აშშ დოლარი, რომელსაც საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში ხარჯავენ, საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე აისახება და დადებითი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ შემოსავლებში, რაც ეროვნული ვალუტის გაძლიერებასა და მოსახლეობის დასაქმებაში გამოიხატება. ამისგან განსხვავებით, ელექტროენერგიის ექსპორტს ტურისტული ეკონომიკიდან შემოსული თანხის 1%-ზე ნაკლები შემოაქვს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ მოიცავს შიდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსვლებს, როდესაც მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, სანაპიროების და კურორტების მოსანახულებლად მოგზაურობენ. საერთო ჯამში, ტურიზმის სექტორმა საქართველოს ეკონომიკას 2016 წელს 3.7 მილიარდი ლარი შემატა, რისი სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომია, ხოლო მთლიანად ენერგეტიკის სექტორმა - რომელიც ასევე მოიცავს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდებას - ამ თანხის ნახევარზე ნაკლები - 1.5 მილიარდი ლარი. 

რა თქმა უნდა, ყველა ტურისტი საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ ჩამოდის, რომ ეროვნული პარკები მოინახულოს. ბევრი მათგანი თბილისსა და ბათუმში გართობის მიზნითაც იმყოფება. თუმცა, ბევრი დრო არ სჭირდება ინტერნეტში იმის ნახვას, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის თაობაზე ინფორმაცია მისი ბუნების სილამაზეზე, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე, ქართულ ღვინოსა და საჭმელზეა ფოკუსირებული. ყველაფერი ეს საქართველოს ბუნებრივი გარემოდან გამომდინარეობს და მისი არსებობა დამოკიდებულია იმ კანონებზე, რომლებიც ქართულ ბუნებას, მის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, მისი ჰაერის, წყლის და ნიადაგის სისუფთავეს იცავენ.

ეს ის სფეროა, სადაც ძალიან გვიჭირს. გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებით საქართველომ არა მხოლოდ იმაზე მიანიშნა, რომ გარემოს დაცვა არ ადარდებს, არამედ მთავრობამ ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების კამპანიაც კი წამოიწყო მის აქტიურად გასანადგურებლად. გარდა მსხვილი და მცირე ჰიდროენერგეტიკული პროექტებისა, რომლებზეც მთავრობა ისე გასცემს ნებართვებს, რომ ნაკლებად აინტერესებს მათი ადგილმდებარეობა, საჭიროება ან გარემოზე ზემოქმედება (საერთაშორისო განვითარების ბანკების აქტიური მხარდაჭერით), მან ასევე წამოიწყო ახალი გზების მშენებლობის კამპანია იმ ხელუხლებელ და დაცულ ტერიტორიებზე, სადაც აქამდე მანქანები არავის უნახავს.

ერთი ასეთი პროექტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. გზების დეპარტამენტი ახალი გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ხევის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის და პანკისის ხელუხლებელ მაღალმთიან ტერიტორიებზე გაივლის. ეს გზა ორ დაცულ ტერიტორიაზე და ასევე მკაცრ ბუნებრივ რეზერვატზე გაივლის, რაც საფრთხეს შეუქმნის გადაშენების პირას მყოფი მცენარეების და ცხოველების სახეობებს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეკოტურისტული ინდუსტრიის პერსპექტივებს, რომელიც ამ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა და უზრუნველყოფდა ადგილობრივების დასაქმებას, მცირე საწარმოების შექმნასა და დასავლელი ტურისტების მოზიდვას. ყველაფერ ამას ჩაანაცვლებს მანქანები, დაბინძურება, ნაგავი და უკონტროლო განვითარება - რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებზე, რომელიც გაუკვალავ მთიან ადგილას ახალი გზის მშენებლობას და მოვლას მოყვება. ბევრად უფრო გონივრული გეგმა იქნებოდა ჯუთამდე, შატილამდე, ომალომდე და პანკისამდე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით სამთო გზების რეკონსტრუქცია და მოვლა, რასაც ხელისუფლება ამჟამად არ აკეთებს.   

ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს გარემოს დაცვა, კარგად ჩანს რეგულირების და კანონმდებლობის აღსრულების მუდმივ სისუსტეში. კანონები ბრაკონიერობის შესახებ ფაქტიურად არ მოქმედებს, რის შესახებაც საუბარია გასულ წელს iFact-იში ცირა გვასალიას მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის თანახმადაც პროკურორები და მოსამართლები უარს აცხადებენ რეინჯერების მიერ მიყვანილი ბრაკონიერების გასამართლებაზე. ანალოგიური სიტუაციაა ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. პრობლემას იწვევს არა მხოლოდ დაცული მიწების დიდი ტერიტორიების პატრულირებისთვის რეინჯერების არასაკმარისი რაოდენობა, არამედ მცირე ხელფასები და, ხშირად, უკანონო ნადირობაში ადგილობრივი პოლიციის და საჯარო მოხელეების ჩართულობაც.

როდესაც საქმე ჰაერის და წყლის დაბინძურებას ეხება, ისინი, ვინც თბილისში ვცხოვრობთ, კარგად ვხედავთ ხელისუფლების ქმედებების ნაკლებობას ამ კუთხით. მტკვარი ბინძურდება ჩამდინარე წყლებით, რომელთა დამუშავება მდინარეში ჩაშვებამდე მინიმალურ დონეზე ხორციელდება, ხოლო რაც შეეხება ჰაერის ხარისხს თბილისში, მისი მდგომარეობა სავალალოა. წინა მთავრობებმა არაერთხელ გადადეს ავტომობილების ტექდათვალიერება, ემისიების კონტროლი და საწვავის ხარისხის რეგულირება. იმავდროულად, ზონირების რეგულაციები თბილისში მხოლოდ მათ წინააღმდეგ მოქმედებს, ვისაც არ გააჩნიათ პოლიტიკური კავშირები ან ეკონომიკური ძალაუფლება, რომ თავი აარიდონ მათ. უზარმაზარი თანამედროვე პროექტები, რომლებიც ამჟამად ძველი თბილისის და თავისუფლების მოედნის გარშემო მთებზე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების მიერ ხორციელდება - თაბორის მთა და პანორამა -  ყველაზე მკაფიო მაგალითებია იმისა, რომ საქართველოს კანონები გარემოსა და კულტურული დაცვის შესახებ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებია, რომელთა უგულებელყოფაც საჭიროების შემთხვევაში ადვილად ხდება. უკეთესი არც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ყოფილა, რასაც რუსთაველის გამზირზე „ბილტმორის“ უზარმაზარი კოშკი ან ძველ თბილისში საპატრიარქოს გვერდით მდებარე კაშკაშა კაზინო „შანგრილა“ ადასტურებს. ორივე მათგანმა, თაბორის მთის და პანორამას პროექტების მსგავსად, დედაქალაქის ზონირების კანონები დაარღვია.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა არა გარემოს და კულტურული დაცვის კუთხით. პირიქით, ამ მიმართულებით უკუსვლა გვაქვს. და ეს ცუდია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც საქართველოს ლამაზი ბუნება და ისტორიული ძეგლები გვიყვარს, არამედ ასევე ცუდია ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდოს გარემოს დაცვის და დაბინძურების კონტროლის საკითხებს; დაიცვას საზოგადოება, უფრო მეტად იზრუნოს ადამიანების დასაქმებაზე, ვიდრე მცირე ჯგუფების ბიზნეს ინტერესებზე, და განვითარების ევროპულ გზას დაადგეს, რასაც ქვეყანა დიდი ხანია ესწრაფვის და იმსახურებს.

თედ ჯონასი კერძო პრაქტიკოსი იურისტია, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, რაც თბილისში ცხოვრობს. იგი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11