‘ინტელექტუალთა კლუბი’ კარგად ორგანიზებულ პარტიად გარდაქმნას ცდილობს
/ 28 Jun.'05 / 11:57
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"
უსუფაშვილი – რესპუბლიკელების ახალი ლიდერი
დავით უსუფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, ახლა უკვე პოლიტიკური ლიდერი გახდა, მას შემდეგ რაც 27 ივნისს ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობამ იგი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია.  უსუფაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ბერძენიშვილი შეცვალა. დამკვირვებელთა თქმით, უსუფაშვილი მნიშვნელოვანი გაძლიერებაა პარტიისთვის, რომელიც არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ ყოველთვის ამაყობდა თავისი ინტელექტუალური პოტენციალით. 
 
"ჩემი მოკლევადიანი მიზანი იქნება ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურის და ორგანიზაციის შექმნა, ასევე პარტიული დისციპლინის დამყარება და „ინტელექტუალთა კლუბიდან“ ორგანიზაციულ სტრუქტურად გარდაქმნა. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ასევე შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ არჩევნებში. ხოლო გრძელვადიან პერიოდში ჩვენი მიზანი იქნება ხელისუფლებაში მოსვლა. საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენს პოლიტიკურ სამიზნეს არ წარმოადგენს, რადგანაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკას ვემხრობით“, განუცხადა დავით უსუფაშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 27 ივნისს. 
 
"რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ინტელექტუალ დისიდენტთა მიერ, ახლა თავისი პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარება მოუწევს. "ეს ჩემი მთავარი áƒ›áƒ˜áƒ–ანია მოკლე ვადიან პერიოდში. ახლანდელი ორგანიზაციული სტრუქტურა ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს, მათ შორის იმ უამრავი ხალხის მოთხოვნას, რომელთაც სურთ შემოგვიერთდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
მისი თქმით, ამ პროცესს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. "ამასობაში, გაიმართება დეპუტატის არჩევნები ხუთ მაჟორიტარულ ოლქში. იმედი გვაქვს, რომ ამ áƒ’ზით ჩვენს რამდენიმე წევრს შევიყვანთ პარლამენტში. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობას áƒ¡áƒ®áƒ•áƒ ოპოზიციურ პარტიებთან შუალედური არჩევნების დროს“, განაცხადა უსუფაშვილმა.
 
წელს დაგეგმილ ამ არჩევნებში "რესპუბლიკელები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამ მაჟორიტარულ ოლქზე ამყარებენ ძირითად იმედებს, სადაც პარტია უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში. გასულ წელს პარტიის აქტივისტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს აჭარაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რასაც შედეგად აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომა მოჰყვა.
 
პარტიას ჯერ-ჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის წარადგენს შუალედურ არჩევნებზე. "ცალსახაა, რომ მე არ მივიღებ მონაწილეობას“, განაცხადა უსუფაშვილმა. თუმცა, არსებობს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა დასახელდეს თინა ხიდაშელი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა "რესპუბლიკურ პარტიას“.
 
დავით უსუფაშვილის მეუღლე, თინა ხიდაშელი, რომელიც რესპუბლიკელებს სულ ახლახანს შეუერთდა, პარტიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შენაძენად ითვლება. სამოქალაქო საზოგადოების გავლენიანი ლიდერი დიდი ხნის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა, ხოლო ამჟამად ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა.
 
პარტიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი დეპუტატი - ლაშა ნაცვლიშვილი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი და ვალერი გელაშვილი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი. ნაცვლიშვილი უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილეა, გელაშვილი კი საკმაოდ áƒ«áƒšáƒ˜áƒ”რი ბიზნესმენი.
 
"რა თქმა უნდა, ჩემი პარტიისადმი მხრდაჭერა ფინანსურ დახმარებაშიც იქნება გამოხატული", განუცხადა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 27 ივნისს.
 
ამ მონაპოვარის შედეგად რესპუბლიკელ დეპუტატთა რიცხვი პარლამენტში ოთხიდან ექვსამდე გაიზარდა. თუმცა, პარტიას ოთხი დეპუტატი აკლდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია შექმნას.   
 
"რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავისი წევრები პარლამენტში მმართველი "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შეიყვანა 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების დროს. "რესპუბლიკური პარტია“ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას“ 2002 წელს შეუერთდა, თუმცა გასული წლის ივნისში აჭარის ადგილობრივი პარლამენტის არჩევნების შემდეგ გამოეყო. "რესპუბლიკელებმა“ ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა და აჭარის 30-კაციან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი ადგილი მოიპოვეს.
 
დავით უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკელები“ პირადად მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას არ წარმოადგენენ. "ჩვენ მმართველი ჯგუფის ოპოზიციაში ვართ“, აცხადებს უსუფაშვილი.
 
"ჩვენი პარტიის პლატფორმა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: კანონის უზენაესობა, მმართველობის დეცენტრალიზაცია, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, დასავლურ სტრუქურებში ინტეგრირება, ევროპული სტანდარტების რეალური განხორციელება და დანერგვა და არა მხოლოდ ამის ილუზიის შექმნა. "რესპუბლიკური პარტია“ მზად იქნება ხელისუფლებასთან ყოველდღიურად კონსტრუქციული პოლემიკის რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, განაცხადა უსუფაშვილმა.   
 
2005 წლის აპრილში დავით უსუფაშვილმა ჯილდო მიიღო საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენიანი ჯგუფისგან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მან განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის არასამთავრობო სექტორთან სიმბოლური გამომშვიდობება იყო.  
 
"მაგრამ, პირობას ვდებ, რომ 2015 წელს გაიმართება პოლიტიკური პარტიების ფორუმი, სადაც მე კვლავ მივიღებ ჯილდოს და შემდეგ უკან დაგიბრუნდებით“, მიმართა უსუფაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

Civil.Ge © 2001-2024