საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი შეფი პრიორიტეტებზე საუბრობს
/ 20 Aug.'05 / 19:38
"სივილ ჯორჯია"

კინწურაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ
ტელევიზიაში დამოუკიდებელ სარედაქციო
პოლიტიკას შექმნის.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ 19 აგვისტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით თამარ კინწურაშვილი აირჩია. გენერალური დირექტორის დანიშვნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პოლიტიკურად დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ დაფინანსებული, ჭეშმარიტად მიუკერძოებული მაუწყებლობის ჩამოყალიბებისთვის. 

"თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თამარ კინწურაშვილი თავად იყო სამეურვე საბჭოს წევრი, თუმცა 13 აგვისტოს წევრობაზე უარი თქვა და იმ 23 კანდიდატს შეუერთდა, რომლებიც ამ თანამდებობის დასაკავებლად იბრძოდნენ.
 
კინწურაშვილის გადაწყვეტილებამ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობამ გააკრიტიკა კინწურაშვილის გადაწყვეტილება და მის ნაბიჯს, მონაწილეობა მიეღო კონკურსში "არაეთიკური“ უწოდა. ოპონენტების განცხადებით, კონკურსი ფორმალობად გახდა მას შემდეგ, რაც კინწურაშვილმა მასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი გენერალური დირექტორი ამ კრიტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევს და აცხადებს, რომ კანონი áƒ›áƒáƒ¡ კონკურსში მონაწილეობას არ უკძალავდა.
 
საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეს უკვე მეორედ გამოცხადებული კონკურსი იყო, რადგან ივნისში სამეურვეო საბჭომ ვერ შეძლო 16 კანდიდატს შორის სათანადო პიროვნების არჩევა, მიზეზად კი კანდიდატთა მედია მენეჯმენტში გამოუცდელობა დასახელდა.
 
35 წლის თამარ კინწურაშვილი, განათლებით ჟურნალისტი, 1993–2000 წლებში გაზეთ "დრონი“-ში მუშაობდა. იგი მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. 2001 წელს იგი კომპანია "კასტელ–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის  áƒ›áƒ”ნეჯერი იყო. ხოლო 2001 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტში“ მედია პროგრამებს ხელმძღვანელობდა, სადაც, მისი თქმით, დიდი გამოცდილება შეიძინა მედიის კანონმდებლობაზე მუშაობის კუთხით. საზოგადოებრივი ტელევიზიის შესახებ კანონიც სწორედ "თავისუფლების ინსტიტუტმა“ შეიმუშავა.
 
20 აგვისტოს "სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში კინწურაშვილმა თავისი პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ახალ თანამდებობაზე გეგმავს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტელევიზია, პირველ რიგში, "დემოკრატიული, სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი“ უნდა იყოს. პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა მიუკერძოებელი საინფორმაციო სამსახურის შექმნა. 
 
"საინფორმაციო სამსახურების გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, პირველ რიგში, საზოგადოების ნდობა უნდა მოიპოვოს. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენ საზოგადოებას მიუკერძოებელ, გაწონასწორებულ და ობიექტურ ინფორმაციას და ახალ ამბებს მივაწვდით. ამგვარად, პირველ ეტაპზე მე ვგეგმავ მთავარი ყურადღება საინფორმაციო სამსახურზე შევაჩერო. მხოლოდ, მომდევნო ეტაპზე გახდება შესაძლებელი სხვა პროგრამებზე ფიქრი", განაცხადა კინწურაშვილმა.
 
მისი თქმით, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. "ვფიქრობ, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის არ არსებობა ქართული მედიის მთავარი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით სრულყოფილია, მისი პრაქტიკაში დანერგვა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება", განაცხადა კინწურაშვილმა. 
 
მისი აზრით, უფლება-მოვალეობების გადანაწილება მართვის ქვედა დონეებზე ხელს შეუწყობს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას. "ჩვენ უნდა განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიღების გარკვეული დონის დელეგირება ქვედა დონეების მენეჯერებზე. თუმცა, ეს მაღალი დონის პროფესიონალურ მენეჯერებს და პროდიუსერებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საჭიროა კადრების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, აღნიშნა კინწურაშვილმა.
 
ახალ გენერალურ დირექტორს სჯერა, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას გარკვეული უპირატესობა გააჩნია და კერძო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ამჟამად ქართულ მედია ბაზარზე ("რუსთავი 2“, "იმედი“, "მზე“) დომინირებენ, საზოგადოებრივ მაუწყებლობას ექნება საშუალება შექმნას სარედაქციო დამოუკიდებლობა, რადგანაც "მისი მფლობელი მაგნატი არ არის“. 
 
"მაშინ, როცა კერძო ტელევიზიებს კერძო ინტერესების მქონე ცალკეული მაგნატები აფინანსებენ, საზოგადოებრივ ტელევიზიას აქვს გარანტირებული დაფინანსება, ამჟამად 17 მილიონ ლარამდე. ეს ის უპირატესობაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას“, დასძინა კინწურაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად საზოგადოებრივი ტელევიზიის ფინანსებისა და ქონების საკითხებთან დაკავშირებით "აბსოლუტური გაუგებრობაა“. მან აქვე დასძინა, რომ ტელევიზია ფინანსურად გამჭვირვალე გახდება საზოგადოებისთვის. 
 
"ჩვენ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ ქონების ინვენტარიზაცია. ამჟამად, შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ რა სახის ქონებას ფლობს ტელევიზია. დოკუმენტების თანახმად, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა ტელევიზიის აღჭურვილობის განახლებაზე. თუმცა, რეალობა ისეთია, რომ ტელევიზიას სასწრაფოდ ესაჭიროება ტექნიკური განახლება და არავინ იცის სად წავიდა ამდენი ფული", განაცხადა კინწურაშვილმა.    
 
თავის მოკლე კონცეფციაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების შესახებ, რომელიც სამეურვეო საბჭოს წარედგინა განსახილველად, თამარ კინწურაშვილმა ცალკე თავი მიუძღვნა საზოგადოებრივი ტელევიზიის როლს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

"ეს გრძელვადიანი გეგმაა, თუმცა მე ვფიქრობ ადგილობრივი რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლობების შექმნის თაობაზე იმ რეგიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლობა სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლობა შიდა ქართლში და რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი რეგიონალური ტელევიზიები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეგიდით იმუშავებენ", განაცხადა კინწურაშვილმა.
 
მისი თქმით, საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაშუქება "გარკვეულწილად გამოცდა იქნება“ მისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის. "თუმცა, ამ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, ეს საკმაოდ მცირე ვადაა. ამიტომ, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ამ გამოცდას ხუთიანზე ჩავაბარებთ“, დასძინა მან.
 
კინწურაშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას 22 აგვისტოდან შეუდგება. იგი აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი ტელევიზია ქართული მედია სივრცის ფლაგმანი უნდა გახდეს“, თან იქვე დასძენს, რომ იგი დაუყონებლივ დატოვებს თანამდებობას, თუ დაინახავს, რომ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებს.  

Civil.Ge © 2001-2024