პარლამენტმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Nov.'05 / 12:59

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 92–მა დეპუტატმა 4–ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი áƒáƒ áƒ’ანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ პრეზიდენტის ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქურდულ სამყაროსთან ბრძოლასა და რეკეტის გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

კანონპროექტი განმარტავს ქურდული სამყაროს, ქურდული გარჩევებისა და კანონიერი ქურდის ცნებას. კერძოდ, ქურდული სამყარო არის იმ პირთა ერთობა, რომელიც სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებს და მიზანია დაშინებით, მუქარით, ქურდული გარჩევების, დანაშაულის ჩადენისა ან წაქეზების გზით სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრებს ორანიზებას კანონიერი ქურდი უწევს.

კანონპროექტის მიხედვით,  ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა დასჯადია, მიუხედავად იმისა ჩადენილი აქვს თუ არა ამ პირებს კონკრეტული დანაშაული.  ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება 3–დან 8–წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა  – 5–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დანაშაულებრივი, რეკეტის გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის გადაცემას.

"ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც სახელმწიფო ბრძოლას უცხადებს ქურდულ სამყაროს, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ნამდვილად დიდი გავლენა აქვს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კანონპროექტის განხილვისას.

ოპოზიციის განცხადებით კი, კანონპროექტი დაუხვეწავი და ბუნდოვანია. "ხდება ქურდული სამყაროს კანონმდებლობაში დაფიქსირება, რაც არასწორია“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტიდან“.

Civil.Ge © 2001-2024