თბილისი სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას "კრიმინალურ რეჟიმს“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Nov.'05 / 10:49

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი და მისი მთავრობის წევრები კონტრაბანდაში, ადამიანთა გატაცებებში და იარაღით ვაჭრობაში ჩართული კრიმინალური ჯგუფების მფარველობაში დაადანაშაულა, ხოლო კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებაში ამხილა. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმა და რუსმა სამშვიდობოებმა უკვე უარყვეს ეს ბრალდებები და მათ "აბსურდული“ უწოდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სქემა სახელწოდებით "ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმი."

სქემის თავში სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ფოტოა წარწერით: "რეკეტი, კონტრაბანდა, გატაცება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა“.

კოკოითის ქვემოთ მისი მთავრობის წევრების ფოტოებია: უშიშროების სამსახურის უფროსი ანატოლი იარავოი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაური იური მოროზოვი, საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი. შსს-ს ცნობით, თითოეული მათგანი სამხრეთ ოსეთში უკანონო საქმიანობაშია ჩართული.

სიაში ასევე შედის რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი და მისი თანაშემწე გენერალი იგორ გრუდნოვი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურებს მფარველობს. სამშვიდობოებს ასევე ედებათ ბრალად იარაღის, აღჭურვილობის და საწვავის მიწოდება სამხრეთ ოსეთის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის.   

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ აბსურდზე?“, - განუცხადა ბორის ჩოჩიევმა ტელეკომპანია "იმედს“ 27 ნოემბერს.

"განცვიფრებული ვარ ამ აბსურდულობის დონით“, - განუცხადა კულახმეტოვმა ტელეკომპანია "იმედს“ 27 ნოემბერს.

Civil.Ge © 2001-2024