რუსეთი თბილისის სამოქმედო გეგმას სამხრეთ ოსეთზე სკეპტიკურად უყურებს
/ 6 Dec.'05 / 11:58
"სივილ ჯორჯია"

ლუბლიანაში 5-6 დეკემბერს დაგეგმილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომის წინ, სადაც ქართული მხარე შეეცდება áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ áƒ”თ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისის სამოქმედო გეგმისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს, რუსეთმა ოფიციალურად უარყო ეს გეგმა.

სამოქმედო გეგმა იმ მიზნებსა და ქმედებებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს, რათა საბოლოო მოგვარებას 2006 წლის ბოლოსთვის მიაღწიოს. ქართული მხარის განზრახვა, კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას ერთ წელიწადზე ნაკლებ ვადაში მიაღწიოს, რუსეთის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი არ უჭერს მხარს თბილისის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, რადგანაც ის არ ემთხვევა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გასული წლის სექტემბერში გაჟღერებულ "სამეტაპიან“ სამშვიდობო გეგმას.

ე.წ. "სამეტაპიანი“ გეგმა უფრო საერთო ხასიათისაა და პირველ ეტაპზე ითვალისწინებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მეორე ეტაპზე – ნდობის აღდგენას და სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას და მესამე ეტაპზე  – კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც სამოქმედო გეგმის დეტალები ოქტომბერში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააჟღერა, აცხადებს, რომ დოკუმენტი "სამეტაპიან“ გეგმას ეფუძნება, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ახალი დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ზუსტ ვადებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი სამშვიდობო გეგმის "სისუსტეს“ უწოდებს ქართული მხარის მოთხოვნას შერეული საკონტროლო კომისიის უფრო გაფართოვებული ფორმატით შეცვლის თაობაზე. ქართული მხარე, კომისიაში აშშ-ს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლების სრულუფლებიან ჩართვას ითხოვს.

"ახალი ქართული ინიციატივა გამოირჩევა ასევე სამხრეთ ოსეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის საკითხებზე გაუმართლებლად დიდი აქცენტით. ამ მიზნის მიღწევა, რომელიც ქართული მხარის წინა წინადადებებში სამომავლოდ იყო გადადებული, ახალ ვერსიაში 2006 წლის ბოლოსთვის აღმოჩნდა დაგეგმილი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 დეკემბერს ლუბლიანაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის დროს იგი შეეცდება გაიგოს რომელია ქართული მხარის საბოლოო წინადადება, ის რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წლის სექტემბერში გააჟღერა, თუ ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა წარადგინა.

გარდა სხვა საკითხებისა, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბრისთვის რესტიტუციის შესახებ კანონის მიღება და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საპენსიო დავალიანებების დაანგარიშება, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს შორის მოლაპარაკებების გამართვას, ასევე ერთობლივი ქართულ-ოსური პოლიციის სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

თუმცა, ამ ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივები - ნოღაიდელი-კოკოითის შეხვედრა და პოლიციის სტრუქტურების ჩამოყალიბება - ნაკლებსავარაუდოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სქემა სახელწოდებით "ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმი“. სქემის თავში სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ფოტოა წარწერით: "რეკეტი, კონტრაბანდა, გატაცება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა“.  კოკოითის ქვემოთ მისი მთავრობის წევრების ფოტოებია, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის.

პარალელურად, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბულია. 5 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს საქართველოს სამხედრო პოლიციამ დაჭრა და დააპატიმრა სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ კუძიევი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ვიაჩესლავ კუძიევი იმ "კრიმინალური დაჯგუფების“ წევრია, რომელიც ყალბი აშშ დოლარების რეალიზაციაშია ჩართული.   

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთი კრიმინალების ბუდეა... ეს ჩვენი მესამე ოპერაცია იყო იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ყალბი ვალუტის რეალიზაციაში არიან ჩართულები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი წინა ოპერაციის დროს, ერთ-ერთი კრიმინალი - ერიკ დუდაევი გაგვექცა, თუმცა მას მაინც დავიჭერთ“, - განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს 5 დეკემბერს.

ოქრუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა იმაზე, თუ რატომ ჩაერთო სამხედრო პოლიცია კუძიევის დაპატიმრების ოპერაციაში. სამხედრო პოლიცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და სამხედრო ნაწილებში წესრიგისა და დისციპლინის დაცვას ემსახურება.    

Civil.Ge © 2001-2024