ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან
/ 20 Jan.'06 / 18:29
მოამზადა ნინო ხუციძემ, სივილ ჯორჯია

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართულ–აფხაზური შეთანხმების პროექტზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს, ომის განუახლებლობას და დევნილთა დაბრუნების საკითხებს მოიცავს.

დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტი "ფაქტიურად“ მზად იყო ხელმოსაწერად, თუმცა ცოტა ხნის წინ სოხუმმა განაცხადა, რომ მისთვის "მიუღებელია“ ქართული მხარის მიერ დოკუმენტში შეტანილი შესწორებები.

"ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გააგრძელოს მუშაობა აფხაზურ მხარესთან მისი ინტერესებისა და პოზიციების დოკუმენტში უფრო მეტად ასახვისათვის“, – აცხადებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებათა პროცესში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირაკლი ალასანია 20 იანვარს "სივილ ჯორჯია"– სთან ინტერვიუში.

ირაკლი ალასანია ასევე საუბრობს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტის, თბილისის ახალი დეიზოლაციონიზმის პოლიტიკის, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აშშ–ს ახალი როლისა და გალის რაიონში შექმნილი რთული კრიმინოგენული ვითარების შესახებ. 

რა სტადიაშია ამჟამად უსაფრთხოების გარანტიებისა და საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა?

ამ დოკუმენტს ჩვენ არაფორმალურად ვუწოდებთ საბრძოლო კონფრონტაციის განუახლებლობის, დევნილთა დაბრუნების უფლების აღიარების და უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ დოკუმენტს, ამ ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად. მაგრამ რეალურად დოკუმენტს ჰქვია ქართულ–აფხაზური მხარეების ერთობლივი განცხადება შეხვედრის შედეგებზე, იმ შესაძლო შეხვედრისა, რომელიც შეიძლება გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შორის.

დოკუმენტი ამ კვირაში გადაეცა აფხაზურ მხარეს. მასში სრულად არის ასახული ქართული მხარის ინტერესები და პოზიციები. მასში ძირითადად ორი პრინციპული მომენტია.

პირველი, ქართული და აფხაზური მხარე  აღიარებს სამშვიდობო პროცესის შეუქცევადობის აუცილებლობას და აქედან  გამომდინარე, ორივე მხარე ერთგულებენ საბრძოლო მოქმედებების არ განახლებას ანუ კონფლიქტის ორივე მხარის შეუთანხმებელი პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

მეორე პრინციპული პოზიცია არის დევნილთა ღირსეული დაბრუნების უფლების აღიარება მთელს აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური მხარის მიერ. ეს უფლება აღიარებულია ყველა საერთაშორისო კონვენციით და იგი არასდროს არ წაერთმევა დევნილს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტუროს და დეკლარირება გაუკეთოს დევნილთა დაბრუნების უფლებას.

დოკუმენტში საუბარია ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციებზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთქმედება, უსაფრთხოების გარანტიები, გალის რაიონში ერთობლივი მოქმედებების გეგმა.

ასევე ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმების შემუშავება [ქართულ და აფხაზურ] საზოგადოებას შორის ანუ ისეთი პროექტები, რომელიც დააახლოვებს ორად გახლეჩილ საზოგადოებას.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ორმხრივ ჭრილში  ისეთი საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიც არის გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, აუცილებელია გაიხსნას გაეროს და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისები და გაეროს სამოქალაქო პოლიციის ამოქმედება.

ეს არის ყველა ის საკითხი, რომელსაც ქართული და აფხაზური მხარეები ამ ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ.

ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს და ამას, როგორ ქართული,ასევე აფხაზური საზოგადოების საყურადღებოდ ვიძახი, გააგრძელოს მუშაობა აფხაზურ მხარესთან მისი ინტერესებისა და პოზიციების დოკუმენტში უფრო მეტად ასახვისათვის. მუშაობა და კონსულტაციები გაგრძელდება. შეიძლება მას იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, მაგრამ ეს საკმაოდ რთული თემაა და არავის ეგონა, რომ კომპრომისები ადვილად მიიღწეოდა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ სწორედ კომპრომისების გზით წავიდეთ.

მომავალი ჟენევის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია] მონაწილეობით თებერვლის დასაწყისში იგეგმება, იქნება უფრო მეტი დაზუსტება და შეთანხმება ამ დოკუმენტის ირგვლივ.

აფხაზურმა მხარემ "მიუღებელი“ და "პრაქტიკულად სხვა დოკუმენტი“ უწოდა თბილისის მიერ შეტანილ შესწორებებს. რაში მდგომარეობს ძირითადი წინააღმდეგობა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით?

ჯერ ეს ერთი ვეთანხმები აფხაზურ მხარეს იმაში, რომ გარკვეული ცვლილებები, ბუნებრივია, რომ ქართულმა მხარემ შეიტანა იმიტომ , რომ იცვლება ზოგადად, როგორც რეგიონში, ასევე ამ კონფლიქტის დარეგულირების ირგვლივ კონტექსტი.

ძირითადი წინააღმდეგობა, უფრო სწორად, დასაზუსტებელია და შესათანხმებელია საკითხი, რომელიც ეხება საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის გარანტიებს. ანუ რა მექანიზმების შეიძლება არსებობდეს, რომ უზრუნველოყიფილი იქნას ქართველებისა და აფხაზების ეს შეთანხმება.

ჩვენ და ამაში აფხაზური მხარეც, რა თქმა უნდა, გვეთანხმება, მთავარ მექანიზმად კვლავ მიგვაჩნია გაერო, მეგობართა ჯგუფი და პირველ რიგში გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც შეიძლება მიმართოს მხარემ ამ შეთანხმების და უსაფრთხოების ხელყოფის შემთხვევაში.

აფხაზური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დოკუმენტის მიხედვით, ომის განახლების შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭო მიიღებს შესაბამის ზომებს. თქვენ ადასტურებთ ამ დებულებას?

არა. მე, როგორც აღვნიშნე, დოკუმენტში ასეა ახსნილი, რომ მხარე მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა უკვე მან მიიღოს მანდატით გათვალისწინებული ზომები არსებული მექანიზმებით. დაახლოებით ასეთი ფორმულირებაა დოკუმენტში.

რაც შეეხება წინააღმდეგობას, არის მოსაზრებები, რომ უფრო მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი დსთ–ს კოლექტიური უსაფრთხოების ძალების როლი, რაც ჩვენი პოზიციიდან, არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ეს არის ორმხრივი დოკუმენტი და მეორეს მხრივ, უახლოეს პერიოდში იქნება მსჯელობა სამშვიდობო მისიის მიზანშეწონილობაზე. ამიტომ ჩვენ არ გვინდა დავამძიმოდ დოკუმენტი  ისეთი თემებით, რაც შეიძლება უახლოეს მომავალში გახდეს სამსჯელო საგანი. 

ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტის მნიშვნელობას კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით?

ჩემი აზრით, ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იქნება გარკვეული ფუნდამენტი ქართულ–აფხაზური ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის. ერთის მხრივ, აფხაზურ საზოგადოება მტკიცე გარანტია ექნება იმისა, რომ ქართული მხარე ამ კონფლიქტის გადაწყვეტას და თავისი სამართლიანი ინტერესების დაცვას არ განახორციელებს შეიარაღებული გზით.

სამშვიდობო პროცესი გახდება შეუქცევადი, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. საერთოდ ამის გარეშე აფხაზურ მხარესთან შინაარსიანი დიალოგი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

რამდენად უკავშირდება სააკაშვილი–ბაღაფშის შესაძლო შეხვედრა ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას?

შეხვედრა აბსოლუტურად შესაძლებელია შედგეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს დოკუმენტი არ იქნება ბოლომდე დამუშავებული. იმიტომ, რომ თვითონ შეხვედრა თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ორ მხარეს შორის.

ამდენად დოკუმენტის დამუშავების თემა არ უკავშირდება ბაღაფშის და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესაძლებლობას. მაგრამ სასურველია, რომ ეს დოკუმენტი მოესწროს, რადგან ამ შეხვედრის შედეგები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ეს დოკუმენტი იქნება მიღებული.

თქვენ განაცხადეთ ახალი დეიზოლაციონიზმის პოლიტიკის დაწყების შესახებ. რაში მდგომარეობს იგი?

ეს პოლიტიკა გულისხმობს აფხაზური მხარის აქტიურ ჩართვას მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა არა მხოლოდ ფორმალური მხარის, არამედ თვითონ აფხაზური საზოგადოების ჩართვას.

მეტი არეალი უნდა მიეცეს აფხაზურ საზოგადოებას, მეტი გასასვლელი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო არენაზე, რათა თავად დაინახოს ის ღირებულებები, რაც გვკვრავს ქართულ საზოგადოებას ევროპულთან. ეს ჩვენი ორი საზოგადოების დაახლოების დამატებითი მექანიზმი გახდება.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც არსებობდა ანუ აფხაზური საზოგადოების იზოლაციაში მოქცევა არის მთლიანად კონტრპროდუქტიული. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ ეს არ გულისხმობს, რომ ამით ჩვენ რაღაც ლეგიტიმურობას შევძენთ აფხაზურ სეპარატისტულ რეჟიმს.

აქ არის საზოგადოებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ლაპარაკი, რათა სამოქალაქო საზოგადოება რეალურად შედგეს, რაც აფხაზეთში არსებობს და დაადასტურა ეს დე ფაქტო [პრეზიდენტის] არჩევნებმა ორი წლის წინ.

აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს რამდენად შეუწყობს ხელს?

ჩვენ რკინიგზის აღდგენის შესახებ უკვე პრაქტიკულ მექანიზმებზე დავიწყეთ ფიქრი. აქ არის რამოდენიმე მომენტი. ჯერ ერთი უნდა შევთანხმდეთ კონსორციუმის მოდელზე, რომელიც მოიზიდავს დაფინანსებას დონორი ქვეყნებიდან და გაუწევს ოპერირებას ამ ინფრასტრუქტურას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ორმხრივი ქართულ–რუსული პროექტი, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აფხაზეთთან იყოს ძალიან სერიოზული კონსულტაციები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო შრომატევადი იქნება აფხაზურ მხარესთან იმ დეტალების შეთანხმება, რომელიც ეხება საბაჟო მოსაკრებელს, ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოების ორმხრივ კონტროლს და სხვა თემები, რომელთა განსჯაც დროს წაიღებს.

მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც არც შეიძლება მოლაპარაკებები იყოს და ეს პირველ რიგში ეხება ქვეყნის სუვერენულ საზღვრებს. თუკი ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას შევძლებთ და რეალური ტვირთბრუნვა დაიწყება, ჩვენ აფხაზურ მხარესთან ერთად უნდა ვაკონტროლებდეთ ამ ტვირთების უსაფრთხოებას.

ეს გააჩენს ამ ინფრასტრუქტურის მომსახურების სფეროში ქართულ–აფხაზურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთი ახალი ხიდის გაბმა იქნება ქართველებსა და აფხაზებს შორის.

ბოლო პერიოდში ხელისუფლება ხშირად საუბრობს აშშ–ს ახალ როლზე კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. რაში გამოიხატება ეს?

პირველ რიგში ეს გამოიხატა იმით, რომ რუსეთ–ამერიკის სტრატეგიულ დიალოგში პირველად გაჩნდა ე.წ გაყინული კონფლიქტების დარეგულირების აუცილებლობის თემა. არ არსებობს სტრატეგიული დონის შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების თუ სხვა დონეზე, სადაც ეს თემა აღარ ფიგურირებდეს ამერიკული მხარის მიერ. ეს ნიშნავს დამატებით საშუალებებს, რომ რუსეთის პოზიცია იყოს უფრო პოზიტიური ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

გარდა ამისა, აქტიური მხარდაჭერა გამოხატა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ–ს მისიამ ეუთოში ჩვენი [ქართულ–ოსური] სამშვიდობო გეგმის მიმართ, რაც რეალურად აისახა ლიუბლიანას სამიტის წარმატებულ გადაწყვეტილებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ ამერიკული წვლილი.

ჩვენ ასევე ფრთილი ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა რუსული მხარის ბოლოდროინდელმა პოზიციამაც  კონფლიქტებთან მიმართებაში. რუსეთს დიდი პოტენციალი გააჩნია ამ კონფლიქტების დარეგულირების კუთხით.

პარლამენტის დადგენილების áƒ—ანახმად, აფხაზეთში რუსი სამშვიდობოებისთვის მიცემული გამოსაცდელი ვადა 15 ივლისს იწურება, რის შემდეგაც შესაძლოა, თბილისმა ამ ოპერაციის შეწყვეტა მოითხოვოს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

მე ცალსახა შეფასების მიცემა არ მინდა მათი [სამშვიდობოების] გაყვანა–არ გაყვანის თემასთან დაკავშირებით. ვიტყვი ერთს, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე.

ჩემი ვიზიტი იგეგმება მომავალ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც წარვსდგები მოხსენებით აფხაზეთში შექმნილ სიტუაციაზე და შევეხები გარკვეულწილად ამ თემასაც.

პოზიცია ცალსახაა, ჩვენ თუ არ შევნიშნეთ რეალური ცვლილება სამშვიდობო მისიის შედეგების კუთხით, თუ არ დავინახეთ, რომ ეს მისია არ ემსახურება მხოლოდ კონფლიქტის გაყინვას და კონსერვაციას, არამედ რეალურად ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას, მაშინ ბუნებრივია ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი იქნება წელს.

ამის ნიშნები, სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით არ არის, პირიქით, არის სულ უფრო მზარდი ინფორმაცია იმაზე, რომ აფხაზური სეპარატისტული მხარის [სამშვიდობოების მიერ] შეიარაღება გრძელდება, ეხმარებიან მათ სამხედრო ტექნიკის განახლებაში და ა.შ. ეს კიდევ უფრო მწვავედ დააყენებს ამ საკითხს, როგორც პარლამენტზე, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოზე.

რამდენად იქნება აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობოების ბედი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაწყდება ცხინვალის რეგიონში მოქმედ სამშვიდობოთა საკითხი?

თავისთავად ორ პროცესს შორის კავშირი არ არის, იმიტომ, რომ ეს ორი დამოუკიდებელი პროცესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სამშვიდობო ოპერაციის კუთხით არის პრაქტიკული ანალოგია, რადგან სამშვიდობო ძალები რეალურ შედეგს არ იძლევა. ამიტომ საკითხის გადაწყვეტა მოხდება, ალბათ, კომპლექსურად.

გაეროს უშიშროების საბჭოზე რა სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული აფხაზეთის შესახებ?

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ გაეროში ჩვენი მისიის ხელით, რათა ჩვენი წინადადებები, რომელიც შევთავაზეთ უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს და გაეროს სამდივნოს, იყოს რეალურად ასახული [გადაწყვეტილებაში].

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ წელს უკვე ობიექტურად აისახოს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით.

დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად ამას მივაღწევთ, იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით გასულ თვეში საქართველოს სტუმრობდა დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ბატონი [ვალტერ] კელინი, რომელიც თავის ობიექტურ ანგარიშს წარუდგენს გენერალურ მდივანს. ჩვენი აზრით, ესეც გარკვეული ნაბიჯი იქნება, რათა რეალურად დაინახონ ვითარება ნიუ–იორკიდან აფხაზეთში.

გარდა ამისა [უშიშროების საბჭოზე] იგეგმება ჩემი მოხსენება აფხაზეთში სიტუაციის შეფასებით. რა თქმა უნდა, მოწოდება იქნება იმისკენ, რომ ბევრად უფრო აქტიური გახდეს გაერო და რეალისტური ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმაროს მხარეებს ურთიერთკომპომისული გამოსავლისთვის.

როგორ აფასებთ ბოლო დროს გალის რაიონში გართულებულ კრიმინოგენულ ვითარებას?

გალში არის უმძიმესი ვითარება. ეს არის მართლაც ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი ტკივილი.

იქ მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთობლივი კრიმინალური ჯგუფები მოქმედებდნენ. ქართველმა სამართალდამცველებმა შეძლეს ანალოგიური ჯგუფების მოქმედებების აღკვეთა სამეგრელოში, სამწუხაროდ აფხაზები ამ ლოგიკას ვერ გაყვნენ თავის მხარეს. ეს იწვევს სწორედ ასეთ დაძაბულ კრიმინოგენულ ვითარებას.

აქ არის ერთადერთი გამოსავალი – ქართული და აფხაზური სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა. ქართულმა მხარემ, რომ შეძლო პარტიზანული, პარამილიტალური  ორგანიზაციების დაშლა და განიარაღება, ეს თვითონ აფხაზურმა მხარემაც აღიარა და ეს ფაქტია.

მაგრამ გარკვეული ძალები პროვოცირებისთვის ამ პარტიზანული მოძრაობის სახელით განცხადებებს აკეთებენ. აქ მარტივად არის საქმე– ჩვენ არაკეთილმოსურნეებს აქვთ დიდი სურვილი, რომ ქართულ მხარეს რაიმე სახის პროვოცირება გაუკეთონ და შეიაღებული კამპანია დაიწყოს გალის რაიონში. მაგრამ ეს არის გამორიცხული. ქართული მხარე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს ასეთი პროვოკაციული მიზნებისთვის.

დაწყებული წინა ჟენევის შეხვედრიდან [2005 წლის მაისში], სადაც აფხაზურმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენთან სამართალდაცვითი კუთხით, ასევე აიღო ვალებულება, რომ გაეხსნა ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი [გალში], ჩვენ უკვე áƒ”რთი წელია ვაყენებთ ამ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვალდებულებები შესრულებული დღემდე არ არის.

Civil.Ge © 2001-2024