სამშვიდობოებზე პარლამენტის დადგენილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'06 / 19:37


საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესიის მიმდინარეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტმა "ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის # 1912–IIს დადგენილების áƒ›áƒ”-2 პუნქტის შესაბამისად მოისმინა საქართველოს მთავრობის მოხსენება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

აღნიშნული მოხსენებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 

1) ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად. 

2) დაევალოს საქართველოს მთავრობას, აამოქმედოს პროცედურები "ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹1927-IIს დადგენილების მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დავალებების შესრულების, მათ შორის, სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების გადახედვის, აგრეთვე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ეფექტიანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლების მიზნით. 

3) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შემდგომი ინსპირირებული დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტის ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივი დარღვევის შესაჩერებლად და სამშვიდობო პროცესის რეალურად დასაწყებად, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავების მიზნით. 

4) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი, პოლიტიკური მოწესრიგების მიზნით, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის სრულად იმპლემენტირების დასაწყებად. 

5) დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არსებული ფაქტობრივი მასალის მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების, რუსეთის ფედერაციისა და პარტნიორი სახელმწიფოებისათვის.

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე                                   ნინო ბურჯანაძე 

თბილისი
2006 წლის 15 თებერვალი.
2655-Iს

წყარო: საქართველოს პარლამენტი

Civil.Ge © 2001-2024