საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე პოზიციას აჟღერებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Feb.'06 / 18:48

საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო), თუ მოსკოვი დაეხმარება თბილისს როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის აღდგენაში, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

"ქართულმა მხარემ ელჩებს გადასცა ნოტები თხოვნით, მხარი დაუჭირონ საქართველოს პოზიციას რუსეთის მსო-ში გაწევრიანების მუშა ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე“, - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

საქართველოში აკრედიტირებულ მსო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან 21 თებერვალს შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მსო-ს ფარგლებში რუსეთის ფედერაციის წინაშე საკითხებს აყენებს მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით და არა პოლიტიკურ ჭრილში. თბილისი აცხადებს, რომ როკის გვირაბი არის კონტრაბანდის მთავარი წყარო, რადგანაც მასზე საქართველოს მთავრობის კონტროლი ვერ ხორციელდება.

ქართული მხარე ასევე მოითხოვს რუსეთისგან გააძლიეროს ბრძოლა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების, ძირითადად ღვინის, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, ასევე უარი თქვას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვაზე. 

თბილისის ანალოგიური პოზიცია საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 2005 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგში მსო-ს მინისტერიალზეც გააჟღერა.

 

Civil.Ge © 2001-2024