ქართული მედიის ცნობით, მთავრობაში ცვლილებებია მოსალოდნელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'06 / 11:14

ქართული მედიის ცნობით, მთავრობაში ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც შესაძლოა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს შეეხოს.

გაზეთ "რეზონანსის“ ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება. იგი ამ პოსტზე ვანო მერაბიშვილს შეცვლის. ეს უკანასკნელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება, რომელიც ამ პოსტზე კოტე კემულარიას შეცვლის.

"რეზონანსის“ ცნობით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია თავდაცვის ახალი მინისტრი გახდება. ოფიციალური პირები ამ ვარაუდებს უარყოფენ.     

27 თებერვალს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. გადადგომის მოთხოვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც "ახალი მემარჯვენეების" და "დემოკრატიული ფრონტის" საპარლამენტო ფრაქციებმა სანდრო გირგვლიანია მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხი განიხილეს. ამ საქმესთან სავარაუდო კავშირში შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანიც იყოს.

შინაგან საქმეთა მინისტრი 28 თებერვალს პარლამენტში მივა, სადაც დეპუტატებს მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.     

Civil.Ge © 2001-2024