გახმაურებული მკვლელობა კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია
/ 7 Mar.'06 / 11:21
სივილ ჯორჯია

ოფიციალური ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელსა და მსხვერპლს შორის მომხდარი კამათის შედეგი იყო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, როგორც ამას ოპოზიცია და მოკლულის ოჯახი მიიჩნევს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა áƒ›áƒáƒ¡ შემდეგ, რაც პოლიციამ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი ოფიცერი დააკავა, რომლებიც 27 იანვარს მომხდარ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც 12 თებერვალს ტელეკომპანია "იმედის“ ეთერით გასულმა სიუჟეტმა მიანიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე შესაძლოა კავშირში ყოფილიყვნენ მკვლელობის საქმესთან. ამ სიუჟეტმა უბიძგა ოპოზიციას მერაბიშვილის გადადგომა მოეთხოვა.       

"გია ალანია, კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები: ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური დაკავებული არიან –  ამჟამად მიმდინარეობს მათი ამოცნობა და დაკითხვა. ჩვენ მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, თუმცა მკვლელობის მოტივი არ დააზუსტა.

მისი თქმით, პოლიცია თვალს ადევნებდა ეჭვმიტანილების გადაადგილებას მათი მობილური ტელეფონების ზარების საშუალებით. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ ვის ურეკავდნენ დაკავებულები.

"ეს საქმე იყო პირადად ჩემი პრესტიჟის საქმე, ამიტომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დანაშაულის გახსნამდე გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა მერაბიშვილმა 6 მარტს. 

მისი თქმით, "დღეიდან საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას“, რომელიც დაასრულება გამოძიებას.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილები იყვნენ [შსს–ს] გამოცდილი თანამშრომლები და ამიტომ წინასწარ გამოძიების დეტალებს არ ვახმოვანებდით“, – დასძინა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გია ალანია, გამომძიებლებს დაპატიმრების შემდეგ ეუბნება, რომ იგი გირგვლიანს მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი 27 იანვარს გვიან ღამით კაფედან გამოვიდა. ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა გაიგეს, თუ როგორ ლანძღავდა გირგვლიანი გურამ დონაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, რამაც გააღიზიანა ალანია და გირგვლიანთან შელაპარაკება მოუვიდა. 
გურამ დონაძე, მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან ერთად კაფეში იმყოფებოდა. ტელეკომპანია "იმედის“ ეთერით ნაჩვენებ სიუჟეტში მინიშნებულია, რომ გირგვლიანს და მის მეგობარს ლევან ბუხაიძეს ამ ჯგუფთან შეკამათება კაფეშივე მოუვიდათ.

გია ალანია თავის ჩვენებაში ასევე აცხადებს, რომ გირგვლიანი "აგრესიული“ იყო, რამაც კიდევ უფრო დაძაბა დაპირისპირება მათ შორის. შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ კაფეს მიმდებარე ტერიტორია და საუბარი უფრო წყნარ ადგილას განეგრძოთ. ისინი ოქროყანაში გაემგზავრნენ, სადაც, ალანიას თქმით, მათი საუბარი მუშტი-კრივში გადაიზარდა. გირგვლიანის გვამი ოქროყანაში მეორე დილას აღმოაჩინეს, მისმა მეგობარმა ბუხაიძემ კი გაქცევა მოახერხა.

თუმცა, ალანიას ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ინციდენტის სხვა თვითმხილველების მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან. თამარ მაისურაძე, გირგვლიანის მეგობარი გოგონა კაფეში შსს-ს მაღალჩინოსნებთან და მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ტელეკომპანია "იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც 12 თებერვალს გავიდა, მაისურაძე იხსენებს, რომ გირგვლიანმა კაფე მის თანმხლებ პირებთან შეკამათების შემდეგ მალევე დატოვა, რადგანაც გირგვლიანმა შეურაცხყოფა მიაყენა გურამ დონაძეს. მისი თქმით, გირგვლიანის გასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ოლეგ მელნიკოვმა, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც იმავე მაგიდასთან იჯდა, კაფე დატოვა სიგარეტის ყიდვის მოტივით.

ტელეკომპანია "იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კიდევ ერთი მოწმე ლევან ბუხაიძე უარყოფს, რომ მას და მის მეგობარ გირგვლიანს რაიმე კამათი მოუვიდათ კაფეს გარეთ, როგორც ამას გია ალანია აცხადებს.

28 თებერვალს დეპუტატმა ოპოზიციური "კონსერვატორული პარტიიდან“ ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძის - თვითმხილველის ვიდეო–ინტერვიუ აჩვენა. ინტერვიუ თავად ძიძიგურმა ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას ძიძიგური უჩვენებს ბუხაიძეს ახალგაზრდა კაცის ფოტოს და სთხოვს მას ამოიცნოს იგი. ბუხაიძე პასუხობს, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ძალიან ჰგავს იმ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთს, რომლებმაც ორი მეგობარი ოქროყანაში გატაცების შემდეგ სცემა.  ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება ოლეგ მელნიკოვი იყო.

"100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან ჰგავს მას“, - განაცხადა ლევან ბუხაიძემ ინტერვიუში.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ახალი მემარჯვენეებიდან“ და "დემოკრატიული ფრონტიდან“ 6 მარტს პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და განაცხადეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შსს-ს თანამშრომლების დაკავება "კარგი პრეცედენტია“.

"თუმცა საქმის გახსნამდე და დასრულებამდე ძალიან შორია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ სრულად, არა მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ დამკვეთებმაც“, - განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.   

"ვანო მერაბიშვილმა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ აღიარა, რომ საკუთარ უწყებაში ჰყავს მკვლელები. მეორე ეტაპზე უნდა მივიღოთ პასუხი, ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა“, –  განაცხადა პრესკონფერენციაზე "ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ.

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა კვლავ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და განაცხადეს, რომ საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი დააფაროს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მკვლელობის საქმესთან არიან დაკავშირებულნი.

სანდრო გირგვლიანის დედამ მინისტრის განცხადების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ იგი ელის იმ პირთა დაპატიმრებას, რომელთაც მკვლელობა დაგეგმეს. მისი თქმით, მკვლელობის უკან ის ხალხი დგას, ვისთანაც მის შვილს კაფეში კამათი მოუვიდა.

თუმცა, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უარყვეს ის ვარაუდები, რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო.

"მოთხოვნა იმ პირების დაკავებაზე, ვინც მკვლელობა დაუკვეთა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგანაც არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დანაშაული ვინმეს მიერ იყო შეკვეთილი“, - განაცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ.

"ეს იყო სპონტანური მკვლელობა და არ მესმის, როგორ შეიძლება სპონტანური მკვლელობა დაკვეთილი იყოს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნინო კალანდაძემ.  

კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დათა ახალაიამ ასევე მიანიშნა 6 მარტს, რომ გირგვლიანის მკვლელობა მსხვერპლსა და შსს-ს თანამშრომელს შორის მომხდარი კამათის შედეგი იყო.

"ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო, ჩვენი ღირსების საკითხი. და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი პირი, ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს მძიმე შედეგი, რომელიც პირად კონფლიქტს მოყვა, მკაცრად უნდა დაიგმოს და დაისაჯოს“, - განუცხადა დათა ახალაიამ ჟურნალისტებს.

ნათელია, რომ ოპოზიცია კვლავაც შეეცდება გამოიყენოს ეს გახმაურებული მკვლელობის საქმე პრეზიდენტ სააკაშვილზე ზეწოლის იარაღად, რათა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას მიაღწიოს.

Civil.Ge © 2001-2024