შინაგან საქმეთა მინისტრს მმართველმა პარტიამ ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა
/ 8 Mar.'06 / 12:43
სივილ ჯორჯია

მმართველმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ოპონენტების თავდასხმების მოგერიება იმით დაიწყო, რომ ოპოზიციას "კრიმინალური სამყაროს მხარდამჭერები“ უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 7 მარტს გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მოწოდებების ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" "ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა" მიიღო.

ოპოზიციონერი პარლამენტარები "ახალი მემარჯვენეებიდან“ და "დემოკრატიული ფრონტიდან“ მიესალმნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის გურამ დონაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რასაც "ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლის“ წარმატება უწოდეს.

გურამ დონაძე მერაბიშვილმა 7 მარტს გაათავისუფლა. დონაძე შსს-ს იმ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან იყვნენ კავშირში. თუმცა, მისი გათავისუფლების ოფიციალურ მოტივად ჟურნალისტებთან მისი "კონფლიქტური ურთიერთობები“ დასახელდა.

დონაძის გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ახალი მემარჯვენეებიდან“ და "დემოკრატიული ფრონტიდან“ პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს 7 მარტს საღამომდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძეს თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან ასევე მათი შესაძლო კავშირის გამო.  წინააღმდეგ შემთხვევაში მერაბიშვილის გადაყენების კამპანიის დაწყებით დაიმუქრნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს დათა ახალაიას მოადგილის - ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება. ოპოზიციის განცხადებით, მელნიკოვი იმ პირებს შორის იყო, რომელთაც სასიკვდილოდ სცემეს სანდრო გირგვლიანი. მათი თქმით, მინისტრი ამ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.

7 მარტს საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეს-კონფერენცია გამართა და "თბილგაზის“ მმართველის გიორგი გვიჩიანის დაკავებაზე გააკეთა კომენტარი. პრეს-კონფერენციაზე მერაბიშვილმა მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა დონაძის გათავისუფლებაზე.

"იმედი მაქვს, რომ ახალ ხელმძღვანელს უკეთესი ურთიერთობები ექნება ჟურნალისტებთან და ჩვენი ურთიერთობები უფრო ადვილი იქნება და დაეხმარება თანამშრომლობას [სამინისტროს და ჟურნალისტებს შორის]“, - განაცხადა მერაბიშვილმა. ამჟამად, დონაძის მოვალეობებს დროებით პრესსამსახურის თანამშრომელი ზურაბ გვენეტაძე ასრულებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა არაფერი თქვა ოპოზიციონერი პარლამენტარების მოთხოვნაზე. არც პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი. 

სამაგიეროდ, ოპოზიციის მოთხოვნებს პასუხი "ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანმა დეპუტატებმა გასცეს, რომელთაც 7 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ოპოზიციამ უნდა დაივიწყოს მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნის საკითხი.

"მე შემიძლია ერთი რამ ვუთხრა ოპონენტებს: დაივიწყეთ ეს საკითხი. მერაბიშვილი არის მინისტრი, რომელზეც დღეს ძალიან ძირეულად დგას ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის პოზიციაა ვანო მერაბიშვილის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სახელმწიფოს საყრდენი და დაგმო თავდასხმები მერაბიშვილის წინააღმდეგ.

"რატომ არის მიმართული ეს თავდასხმები ქვეყნის მთავარი ძალოვანი სტრუქტურის [შინაგან საქმეთა სამინისტროს] წინააღმდეგ? რადგანაც ჩვენი ოპონენტები კრიმინალური სამყაროს და კანონიერი ქურდების დიდი მხარდაჭერით სარგებლობლობენ. ეს [ოპოზიცია] ის ხალხია, ვინც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონს ხმა არ მისცა“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ბრიფინგზე.

მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია ადამიანის პირადი ტრაგედიის - სანდრო გირგვლიანის სიკვდილის - პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ თუ იქნება მტკიცებულებები სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგაც, ისინიც დაისჯებიან.

"ხელშეუხებელი არავინ არის“, – განაცხადა დეპუტატმა მაია ნადირაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი იქნა დაპატიმრებული.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების პრეს-კონფერენციის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 7 მარტს გვიან ღამით ასევე გააკეთა კომენტარი . მან განაცხადა, რომ ოპოზიციის თავდასხმები სამინისტროს და პირადად მის წინააღმდეგ, კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის შეფერხების მცდელობა იყო.

"ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულები, მათ შორის კალაძის გატაცება, დღევანდელი საქმე [თბილგაზის მმართველის დაპატიმრება], ტერორისტული აქტი [აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ] ბუშის წინააღმდეგ, ასევე გუშინ გახსნილი საქმე [სანდრო გირგვლიანის მკვლელობა]“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

"ყველაფერი ამის შემდეგ, მე მეგონა, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას მივიღებდი არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაში, და მინდა მათ მადლობა მოვუხადო, არამედ ოპოზიციაშიც. დღეს ჩვენ იმ სიტუაციის მომსწრე ვართ, როდესაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება ყველა იმ მიმართულებას, რაზეც მე ახლა ვსაუბრობდი - მეწინააღმდეგება მე, ჩემს კოლეგებს და ყველა იმ ხალხს, რომლებიც დანაშაულს და კორუფციას ებრძვიან“, - განაცხადა მან.

"ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მიზანია, ჩვენი მორალის, ჩვენი სიმტკიცის დისკრედიტაცია“, - დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი მიღწევა იყო "დაუსჯელობის სინდრომის“ აღმოფხვრა.

"ბოლო დროს დაპატიმრებულ იქნა 100 პოლიციელი, 8 გამომძიებელი, 7 მოსამართლე, იუსტიციის სამინისტროს 22 თანამშრომელი, 43 მებაჟე, საგადასახო ინსპექციის 11 თანამშრომელი და სხვები, მათ შორის 561 ნარკოლიდერი... არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული უკანონობა შესაძლოა მოხდეს [სამინისტროში], არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ შესაძლოა ქრთამი აიღოს და თანამდებობა ბოროტად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ ერთი რამ - არავინ არ დარჩება დაუსჯელი, მიუხედავად მისი თანამდებობისა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.   

Civil.Ge © 2001-2024