გირგვლიანის მკვლელობის მოწმე ჩვენებას ნაწილობრივ ცვლის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'06 / 10:36

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მოწმემ ლევან ბუხაიძემ განაცხადა, რომ მან ვერ ამოიცნო ოლეგ მელნიკოვი, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლიციაში ოთხ პირს შორის ამოცნობის პროცედურის დროს.  

თუმცა, მოგვიანებით ბუხაიძემ ტელეკომპანია "იმედს“ განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მან ვერ შეძლო მელნიკოვის ამოცნობა, არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არ იყო ომ ოთხ პირს შორის, რომელთაც სასტიკად სცემეს ის და მისი მეგობარი სანდრო გირგვლიანი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი 27 იანვარს გარდაიცვალა.

28 თებერვალს დეპუტატმა ოპოზიციური "კონსერვატორული" პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძის - თვითმხილველის ვიდეო–ინტერვიუ აჩვენა. ინტერვიუ თავად ძიძიგურმა ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას ძიძიგური უჩვენებს ბუხაიძეს ახალგაზრდა კაცის ფოტოს და სთხოვს მას ამოიცნოს იგი. ბუხაიძე პასუხობს, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ძალიან ჰგავს იმ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთს, რომლებმაც ორი მეგობარი ოქროყანაში გატაცების შემდეგ სცემა. "100%-ით დარწმუნებული არ ვარ“, - დასძინა მან. ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება ოლეგ მელნიკოვი იყო.

ბუხაიძის მიერ 9 მარტს ტელეკომპანია "იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება კითხვის ნიშნის áƒ¥áƒ•áƒ”შ აყენებს საქმეში მთავარი ეჭვმიტანილის, კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია ალანიას ჩვენებას, რომელიც 6 მარტს იმავე დეპარტამენტის კიდევ სხვა მაღალჩინოსანთან ერთად დააპატიმრეს.

ალანია აცხადებს, რომ იგი გირგვლიანს მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი 27 იანვარს გვიან ღამით კაფედან გამოვიდა. ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა გაიგეს, თუ როგორ ლანძღავდა გირგვლიანი გურამ დონაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელ უფროსს, რამაც გააღიზიანა ალანია და გირგვლიანთან შელაპარაკება მოუვიდა. 

თუმცა, ბუხაიძე კატეგორიულად უარყოფს ამას და აცხადებს, რომ არანაირი კამათი არ მომხდარა მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეგობარმა კაფე დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუხაიძემ ვერ ამოიცნო ოლეგ მელნიკოვი 9 მარტს, მეორე მოწმის თამარ მაისურაძის განცხადება შესაძლოა მელნიკოვის წინააღმდეგ შემობრუნდეს.

მაისურაძემ, რომელიც მკვლელობის დღეს შსს-ს მაღალჩინოსნებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა, 9 მარტს ტელეკომპანია "იმედს“ განუცხადა, რომ მელნიკოვმა კაფე სიგარეტის ყიდვის მოტივით დატოვა, სწორედ მაშინ, როცა ბუხაიძე და გირგვლიანი გავიდნენ.

"ის უკან 30-40 წუთის შემდეგ დაბრუნდა“, - განუცხადა მაისურაძემ "იმედს“ და დასძინა, რომ მელნიკოვმა თავისი დაგვიანება იმით ახსნა, რომ მას მოშორებით მდებარე სუპერმარკეტში მოუხდა წასვლა, რადგანაც მისთვის სასურველი სიგარეტი ახლომდებარე მაღაზიებში არ იყო. 

"მე ვნახე იმ სუპერმარკეტის ვიდეოფირი, თუმცა მელნიკოვის შესვლა იქ აღბეჭდილი არ არის“, - დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024