საზოგადოებრივმა ზეწოლამ შსს–ს მაღალჩინოსნების თანამდებობები შეიწირა
/ 13 Mar.'06 / 18:41
სივილ ჯორჯია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში, გამოძიების დასრულებამდე 13 მარტს უფლებამოსილება შეუჩერდათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადება. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დათა ახალაიამ და შსს–ს გენინსპექციის უფროსმა ვასილ სანოძემ განაცხადეს, რომ მათ არანაირი წვლილი არ მიუძღვით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, თუმცა საზოგადოების წინაშე "მორალური პასუხისმგებლობის“ გამო თხოვნით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

"არანაირი  წვლილი არ მიგვიძღვის იმ დანაშაულთან [სანდო გირგვლიანის მკვლელობასთან], რომელიც იყო ჩადენილი 28 იანვარს, არც ირიბი და არც პირდაპირი. ჩვენი ძალისხმევით მოხდა აღნიშნული საქმის გამოძიება,  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მავანთათვის.  მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვგრძნობთ რა მორალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში ჩვენი მთავრობის და ჩვენი ოჯახების წინაშე, და მივმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, –  განაცხადა 13 მარტს დათა ახალაიამ.

"მოვალედ ჩავთვალე თავი, მიმემართა შს მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, – დასძინა სანოძემ.

სხვა კომენტარები არ გაკეთებულა, რადგანაც სანოძემ და ახალაიამ პრეს-კონფერენცია ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გარეშე დატოვეს. შს პრესსამსახურის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმაც, რომელიც ასევე ფიგურირებს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, დატოვა თანამდებობა. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ მელნიკოვი ახალაიას მოადგილე იყო, თუმცა სამინისტროს პრეს-სამსახურმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მელნიკოვი დეპარტამენტის "რიგითი თანამშრომელია“.

ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მოითხოვდნენ ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლეს, განაცხადეს, რომ ახალაიას და სანოძეს გადაწყვეტილება იყო იმ ზეწოლის შედეგი, რომელიც საზოგადოებამ შსს-ზე მოახდინა.

"ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვნად განმუხტავს პოლიტიკურ პროცესს... მაგრამ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვალი ვადევნოთ გამოძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა დამკვეთი, თუ ასეთები არსებობენ, დაისჯებიან“, - განაცხადა 13 მარტს დეპუტატმა კობა დავითაშვილმა. 

პოლიციამ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილებად ცნო და დააპატიმრა. თუმცა, გირგვლიანის ნათესავები აცხადებენ, რომ დანაშაული მაღალჩინოსნების მიერ იქნა დაკვეთილი, მათ შორის არიან ახალაია, სანოძე და დონაძე.

ახალაიას და სანოძეს მიერ გაკეთებული განცხადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 13 მარტს განაცხადა, რომ "ნებისმიერ დემოკრატიულ ან დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი სკანდალის შემდეგ თანამდებობებს აუცილებლად დატოვებდნენ ის პირები, რომელთა ამ საქმეშიც მონაწილეობაზე საზოგადოებას ეჭვები აქვს“.

შსს-ს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 მარტს გაათავისუფლა თანამდებობიდან, მას შემდეგ რაც სახალხო დამცველმა იგი გამოძიების მცდარი გზით წაყვანის გამო გააკრიტიკა. დონაძე, რომელსაც სავარაუდოდ ასევე აქვს კავშირი მკვლელობის საქმესთან,  ჟურნალისტებთან "კონფლიქტური ურთიერთობების“ áƒ›áƒáƒ¢áƒ˜áƒ•áƒ˜áƒ— იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან.

13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმემ "საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების მიღწევებს“.

"ეჭვქვეშ დადგა კორუფციასთან, ნარკობიზმესთან, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები, რადგან ძნელია ირწმუნო იმ წარმატებების, რომლებიც თურმე მკვლელების ხელებით იქმნებოდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასევე მიესალმა სანოძის და ახალაიას განცხადებას და მას "მორალურად სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა.

"გამოძიება გასცემს პასუხს ყველა იმ დეტალზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას... პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიება დასრულდეს. მე ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლებისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრისათვის არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს“, - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

Civil.Ge © 2001-2024