სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'06 / 11:04

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 მარტს ოპოზიციას მოწოდებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე "ძალიან სასაცილო“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერს მერაბიშვილს დანაშაულთან ბრძოლის გზაზე.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მარტს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვონ. ოპოზიცია მერაბიშვილს შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსნის და ყოფილი მაღალჩინოსნის მფარველობაში ადანაშაულებს, რომლებიც სავარაუდოდ მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 მარტს გვიან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობა და "ნებისმიერ ასეთი საქმე ჩემი პირადი ტრაგედიაა“.

"რა თქმა უნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები აღმოჩნდნენ ჩარეული, საქმე ორმაგად მძიმდება. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო ინგლისში, საფრანგეთში და ძალიან ხშირად [ამგვარი ფაქტები] ამერიკაშიც ხდება. საქართველომ ისევე უპასუხა ამ დანაშაულს, როგორც უპასუხებდნენ ამ ქვეყნებში... ვინც დასაჭერი იყო დაჭერილია. თუ კიდევ ვინმე იქნება, იმათაც ვაგებინებთ პასუხს. რაც გამოსაძიებელია, გამოძიებული იქნება ბოლომდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ არის და ყველა დამნაშავე დაისჯება“,  -დასძინა მან.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და დასძინა, რომ მერაბიშვილის მთავარი როლი აკისრია სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმებში.

"საქართველოს აქამდე არასოდეს ჰყოლია ასეთი ეფექტური პოლიცია... როდისმე წარმოიდგენდით, რომ პატრულს ასეთი მაღალი რეპუტაცია ექნებოდა?.. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ციდან ჩამოვარდა? ყველაფერი ეს მერაბიშვილმა და ყველა ჩვენთაგანმა გააკეთა. ამიტომ ჩვენ პოლიციას ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

"შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება? აბა ამ კაბინეტში ჯონდი ბაღათურიას, შალიკო ნათელაშვილს და გიორგაძეს თავისი გოგიტიძით ხომ არ მოვიყვანთ“, - განაცხადა სააკაშვილმა ირონიულად.

მან დაადასტურა მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატების პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შსს ოპონენტების სამიზნე იმიტომ გახდა, რომ მათ უნდათ ხელი შეუშალონ პოლიციის ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

"სხვადასხვა საბაბით ერთი და იგივე ხალხი გამოდის [მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით]... ერთი რამ კარგად ვიცი. რეალური მიზეზი ძალიან კარგად ვიცი. ჩვენ შევეხეთ ოლიგარქიულ და სერიოზულ მაფიოზურ ინტერესებს. საქართველო იყო "კანონიერი ქურდების“ ქვეყანა. საქართველოს მართავდა რამდენიმე "კანონიერი ქურდი“. ის ხალხი ვინც ხმამაღლა ყვირის, არის ის ხალხი, ვისაც არ აწყობს, რომ კანონიერი ქურდების ქონების კონფისკაცია დაიწყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის გეგმებს იმ კანონის წარდგენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ნულოვანი ტოლერანტულობა áƒ˜áƒ¥áƒœáƒ”ბა წვრილმან დანაშაულზეც კი.

"მერაბიშვილი არის მართლა ძალიან მაგარი, მე ვაპირებ ხელი შევუწყო მას დანაშაულის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის დასრულებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024