კონტრიერიში ოპოზიციაზე "ანტი–ოლიგარქიული“ ლოზუნგებით
/ 20 Mar.'06 / 17:46
ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

ბოლო დღეებში ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებები სახელისუფლებო წრეებიდან სულ უფრო ხშირად ისმის. თბილისის მერმა გიგი უგულავამ 18 მარტს ოპოზიციონერ დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან ვალერი გელაშვილს "ოლიგარქი“ უწოდა და თბილისის ერთ-ერთ სკოლის დაწვაში დასდო ბრალი. 

ორიოდე დღით ადრე, 16 მარტს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მას შემდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნა, რაც "ჩვენ ოლიგარქიულ და სერიოზულ მაფიოზურ ინტერესებს შევეხეთ.“
 
დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ "ოლიგარქებთან ბრძოლა“ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ერთ–ერთი ფორმაა, რომელიც სულ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს ახლო მომავალში. გარდა ამისა, პოლიტიკურ მიმოხილველთა აზრით, ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების კონტრნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ აგორებული საპროტესტო ტალღის გადაფარვის, ან შეკავების მიზნით.  
 
"არ გამოვრიცხავ, რომ ამან ყველაფერმა მიიღოს კამპანიური ხასიათი, იმავე ტელეკომპანია "იმედის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია და რომელიც ბოლო დროს საკმაოდ შემტევ მასალებს აკეთებს ხელისუფლების და განსაკუთრებით შსს–ს წინააღმდეგ“, –  განუცხადა პოლიტიკურმა მიმოხილველმა ია ანთაძემ "სივილ ჯორჯიას“.
 
ანალოგიური ეჭვი "ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 17 მარტს "იმედის“ თოქ–შოუში "რეაქცია“ გამოთქვა, სადაც მან ივარაუდა, რომ ხელისუფლება ახალ სტრატეგიას მიმართავს და ოპოზიციურ ძალებში მყოფ ბიზნესმენების წინააღმდეგ გაილაშქრებს. გამყრელიძემ ასევე არ გამორიცხა, რომ ტელეკომპანია "იმედი“ და პირადად ბადრი პატარკაციშვილი გახდეს ხელისუფლების სამიზნე, რადგან ამ ტელეკომპანიას ბოლო დროს ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნო მოვლენები (სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, გია თელიას გარდაცვალების ვერსია) გამოაქვს სააშკარაოზე.

ია ანთაძე აცხადებს, რომ "ოლიგარქ“ გელაშვილის წინააღმდეგ გამოსვლა, ოპოზიციის "ორგანიზებულ დანაშულთან“ კავშირზე ხელისუფლების ღია მინიშნებები მიუთითებს იმაზე, რომ "ხელისუფლება არ უშვებს შანსებს ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს პროცესი კი იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია მეტ–ნაკლებად ძლიერდება“. 
 
"ოლიგარქებთან“ ბრძოლას პოლიტიკური მიმოხილველი იმ ტენდენციასაც მიაწერს, რომ  ნელ–ნელა დაიწყო ბიზნესზე ხელისუფლების სრული კონტროლის რღვევა.
 
"თავის დროზე ხელისუფლებამ ბიზნესზე კონტროლის დაწესებით ორი კურდღელი დაიჭირა, რადგან ცხადია, რომ თუ ფული არ იქნება თავისუფალი ვერც ოპოზიცია და ვერც მედია ვერ განვითარდება. ბიზნესმენები, ოლიგარქები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც გამოვლენ ხელისუფლების კონტროლიდან და რესურსის ნაწილს ჩადებენ მედიის ან ოპოზიციის გაძლიერებაში, მათ [ხელისუფლებას] უკვე დისკომფორტს უქმნიან“, – აცხადებს ანთაძე.
 
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 18 მარტს გელაშვილი áƒ—ბილისის ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძართან შესაძლო კავშირში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის უკან დეპუტატ ვალერი გელაშვილის სამშენებლო ფირმა "ევრა“ დგას, რომელსაც სკოლის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა.
 
“სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, წინასწარ გამზადებულ ვერსიებს გვთავაზობს. სკოლაში ხანძარი ჯერ ლოკალიზებულიც კი არ იყო, რომ ხანძრის გაჩენაში დეპუტატი გელაშვილი დაადანაშაულეს“, – განაცხადა 18 მარტს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.
 
თბილისის მერმა ასევე მიანიშნა განათლების სამინისტროში გელაშვილის კომპანია "ევრას“ მიერ გაგზავნილ წერილზე, რომელშიც მისი თქმით, კომპანია სკოლის ტერიტორიის სანაცვლოდ სხვა ადგილზე ახალი სკოლის აშენებას სთავაზობდა სამინისტროს.

თუმცა გიგი უგულავას ბრალდებების საპასუხოდ დეპუტატმა გელაშვილმა წარმოადგინა წერილი, სადაც "ევრა“ სთავაზობს განათლების სამინისტროს, რომ ან ააშენებს ახალ სკოლას სხვა ტერიტორიაზე ან იმავე ტერიტორიაზე აწარმოებს ახალი სკოლის მშენებლობას, რათა ავლაბარში "ევრას“ მიერ მშენებარე ახალმა კომპლექსმა სათანადო იერსახე მიიღოს.
 
გელაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია ჰქონდა მის წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი გეგმავდა. ვალერი გელაშვილი, "ცილისწამების“ გამო აპირებს გიგი უგულავას, რომელიც ვანო მერაბიშვილის გუნდში მოიაზრება,  სასამართლოში უჩივლოს. "ვპირდები უგულავას, რომ სასამართლოში შევხვდები“, – აცხადებს გელაშვილი.
 
"თუ უნდა სასამართლოში იჩივლოს თუ უნდა მარსზე. სიმართლე არ დაიმალება. ოლიგარქები ერთხელ და სამუდამოდ ჩაირეცხებიან. ქართული პოლიტიკა აღარასოდეს იქნება მათი მანიპულაციების და შანტაჟის ობიექტი“, - განაცხადა უგულავამ 19 მარტს. 
 
"რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერებმა 18 მარტს ხელისუფლება ვალერი გელაშვილზე შეტევის გამო ოპოზიციასთან ბრძოლის "უსუსურ“ მცდელობაში დაადანაშაულეს.
 
"[ხელისუფლების] გათვლა იმაზე, რომ ამით ვიღაცის დისკრედიტაციას მოახდენენ, სასაცილოა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.  
 
"მე მგონია, რომ ეს შემთხვევა უნდა განვიხილოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების კონტექსტში.  ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის იმიჯის შელახვას და თუკი ოდნავ მაინც ექნება რაიმე საბაბი, ის ამ მიზნისთვის გამოიყენებს. თუმცა რამდენად მონაწილეა ეს ადამიანი [ვალერი გელაშვილი] სკოლის დაწვაში ალბათ გამოძიება დაადგენს“, – განუცხადა ია ანთაძემ "სივილ ჯორჯიას“.
 
გელაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გელაშვილის ბიზნეს–ინტერესების შესწავლის თხოვნით მიმართეს, რადგან "გელაშვილი საკუთარ ბიზნესს ღიად ლობირებს და ჩართულია მის მართვაში“.  
 
"გელაშვილისნაირი ბანდიტებისათვის საქართველოს პარლამენტში ადგილი არ არის“, – განაცხადა 20 მარტს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ ბიძინა ბრეგაძემ.
 
"ეს არის ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილი.  მერაბიშვილმა ბრძანა, რომ მე იმიტომ მებრძვის ოპოზიცია, რომ მე დანაშულის წინააღმდეგ ვიბრძვიო, ამ დროს უგულავამ ოპოზიციონერ დეპუტატს სკოლის დაწვაში დასდო პრაქტიკულად ბრალი... მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგზე უარი თქვა, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაიმე მოიფიქრონ სკანდალური იმის ნაცვლად, რომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა და გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნან“,  – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ ეს ვალერი გელაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. მისი სამშენებლო კომპანია "ევრა“ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში გელაშვილმა საჯაროდ განაცხადა პრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ პრეტენზიების თაობაზე, დეპუტატზე თავდასმა განხორციელდა, რის შედეგადაც გელაშვილი მძიმედ დაშავდა. 

ოპოზიციამ ეს თავდასხმა ხელისუფლების "ანგარიშსწორებად" შეაფასა და სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმის გამოუძიებლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

Civil.Ge © 2001-2024