ხელისუფლება პატარკაციშვილში პოლიტიკურ მეტოქეს ხედავს
/ 29 Mar.'06 / 19:50
სივილ ჯორჯია

გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მიერ 29 მარტს გაჟღერებულ კრიტიკას მაშინვე გამოეხმაურა ხელისუფლება და მას საქართველოზე "ოლიგარქების, მოსკოვის და ქურდების მიერ“ თავდასხმა და "საქართველოს მთავრობის დაშანტაჟების“ მცდელობა უწოდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ბზარი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება კარგავს ძალაუფლებას ბიზნესზე. 

ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც რუსეთის მიერ უკანონო საქმიანობის გამო იძებნება და რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 2001 წლიდან, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს ეკონომიკაში ათობით მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, ხელისუფლება ორი ძირითადი საკითხის გამო გააკრიტიკა: ტელეკომპანია "იმედზე“ ზეწოლის და ბიზნესისთვის ფულის უკანონო გამოძალვის პრაქტიკის გამო.

პატარკაციშვილი საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. ეს გავლენიანი ბიზნესჯგუფი, რომელსაც პატარკაციშვილი ხელმძღვანელობს და რომელიც 110 კომპანიას აერთიანებს, 29 მარტს 2005 წლის საქმიანობის შესაჯამებლად შეიკრიბა. 

ფორუმზე გამოსვლისას პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი გაჩუმებას აღარ აპირებს "იმ მეთოდებზე, რომლებსაც ხელისუფლება იყენებს“, რადგანაც "სიჩუმე დღეს დანაშაულის ტოლფასია“.

პატარკაციშვილმა, რომელიც მედია ჰოლდინგს "იმედს“ ხელმძვანელობს, განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტელეკომპანია "იმედმა“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალები გააშუქა, სადაც მითითებული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსანი შესაძლოა მკვლელობის საქმესთან კავშირში ყოფილიყვნენ.

"ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ  ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა იმედის ჟურნალისტებზე და ხელი შეუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას“, - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა.

ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატებმა, კერძოდ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "იმედი“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების "მიკერძოებულ გაშუქებაში“ დაადანაშაულეს.   

ბიზნესმენთა ფედერაციაში áƒ’ამოსვლისას, ტელეკომპანია 'იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ, კომპანია "სელფორდ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა - გავრცელებული ინფორმაციით, ეს კომპანია პატარკაციშვილის ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - განაცხადა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ მოხდეს არხის დეპოლიტიზაცია“.

"ამ ბოლო დროს სულ მესმის, რომ იმედი გახდა ოპოზიციური არხი. ეს სიმართლე არ არის. ეს ტელევიზია არის ბიზნესი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველანაირად გავხსნათ იმედი საზოგადოებისთვის; გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს და შევიყვანთ მასში დამოუკიდებელ ხალხს, რომლებიც ნახავენ, თუ როგორ მუშაობს "იმედი" და რა გადაწყვეტილებები მიიღება. "იმედი" არის ბიზნესი, რომელიც ცდილობს გადასცეს ობიექტური ინფორმაცია თავის მაყურებელს და გაართოს ის“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ბადრი პატარკაციშვილმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ბიზნესისთვის ე.წ. სამართალდამცავი სისტემის განვითარების ფონდებისთვის თანხების გამოძალვის გამო.

"ვარდების რეცოლუციიდან“ ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა არმიის განვითარების და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდები, რომელთა მიზანსაც, ხელისუფლების თქმით, წარმოადგენდა შემოწირულობების შეგროვება "პატრიოტი ბიზნესმენებისგან“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებისათვის. ხელისუფლების თქმით, ეს ფონდები 2006 წლის დასაწყისში გაუქმდა.

"ერთ-ერთი ასეთი ფონდი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია არც ბევრი, არც ცოტა 160 მლნ ლარი... ეს ფონდი იღებდა თანხებს, რომლებიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს... მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე აუცილებლად და პირველ რიგში იმ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ამ ფონდში სხვადასხვა საშუალებებით გადაიხადეს თანხები, ზოგმა მანქანების, ზოგმა აქციების, ზოგმა ნაღდი ფულის სახით“, - განაცხადა პატარკაციშვილმა.

კომპანია "კოკა-კოლას“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჭყონიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, ხელისუფლების ის "შეცდომები“, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა არის "გარკვეული პიროვნებების შეცდომები და არა სახელმწიფო პოლიტიკა“.

"მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ შეიქმნას რაღაც უაზრო ფონდები, შეიქმნას უხარისხო ურთიერთობა ბიზნესსა და პოლიტიკას შორის... შეცდომები შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ერთობლივად და კონსტრუქციულად მოვაგვაროთ ეს პრობლემები“, - განაცხადა ჭყონიამ.

ბადრი პატარკაციშვილმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ არ სურს ხელისუფლებამ მისი გამოსვლა  "არაკეთილმოსურნის“ პოზიციიდან მიიღოს. თავის გამოსვლის ბოლოს ბიზნესმენი შეეცადა შეემსუბუქებინა კრიტიკა და მიესალმა ხელისუფლების მცდელობებს აჭარაში ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მისი გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენცია გამართა და პატარკაციშვილს ხელისუფლების დაშანტაჟებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, პატარკაციშვილის კრიტიკა იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა მას საშუალება "გამხდარიყო ქართული ეკონომიკის დონ კორლეონე“.

“როგორც ჩანს, იგი ვერ ივიწყებს მის წარსულს  – ელცინის რუსეთს, როცა ის და მისი მეგობრები აკონტროლებდნენ ყველაფერს  – ხელისუფლებას, ბიზნესს, ხელში ჩაიგდეს უზარმაზარი ქონება. მაგრამ დღევანდელი საქართველო არ არის ელცინის რუსეთი. ამავე დროს დღევანდელი საქართველო არ არის პუტინის რუსეთი, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, იჭერენ ან ტელევიზიებს ხურავენ. ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი. ბატონ ბადრის შეუძლია იმოღვაწეოს პოლიტიკაში, ბიზნესში, მაგრამ ის ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას მისი ტელევიზიის ან მისი გავლენის მეშვეობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ დასძინა, რომ ამ განცხადებით პატარკაციშვილმა გამოავლინა საკუთარი თავი, როგორც "ოპოზიციის ლიდერმა და მისმა შესაძლო სპონსორმა“.

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელმაც თავშესაფარი საქართველოში იპოვა, გავლენის მოპოვება დამოუკიდებელი მედია საშუალებების აქციების შესყიდვით, უძრავ ქონებაში ინვესტიციების ჩადებით და საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნით დაიწყო. იგი ასევე გახდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილმა მოახერხა კარგი ურთიერთობების დამყარება ქვეყნის ყველა წამყვან ძალასთან, განსაკუთრებით ხელისუფლებასთან, როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციებთან. განხეთქილების პირველი ნიშნები 2005 წლის აპრილში გაჩნდა, როდესაც პატარკაციშვილმა აღიარა, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ბზარი გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააუქმა კერძო არბიტრაჟები, რომლებიც ბიზნესის მიერ მიიჩნეოდა, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო მთავრობასთან საგადასახადო დაავების მოსაგვარებლად.

პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელ განხეთქილებას სავარაუდოდ პოლიტიკური შედეგები ექნება.

"თავდაპირველად, როდესაც მთავრობა მთლიანად აკონტროლებდა ბიზნესს, ოპოზიციისთვის და ტელევიზიებისთვის თავისუფალი ფული აღარ რჩებოდა, ამრიგად, მთავრობა ორმაგ სარგებელს იღებდა ამგვარი სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ის ბიზნესმენები ან ოლიგარქები, რომელთაც ნაწილობრივ მაინც დააღწიეს თავი ხელისუფლების გავლენას, დაიწყებენ ინვესტიციების ჩადებას მედიაში და ოპოზიციაში, რაც, რა თქმა უნდა, დისკომფორტს შეუქნის ხელისუფლებას“, - განაცხადა ია ანთაძემ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წარმომადგენელი თემურ იაკობაშვილი ვარაუდობს, რომ ეს განხეთქილება უფრო "ეკონომიკური ხასიათისაა“. "მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი შესაძლოა არსებობდეს. პატარკაციშვილმა შესაძლოა დაიწყოს ან ოპოზიციის დაფინანსება, ან ხმაურიანად დატოვოს ქვეყანა“, - განუცხადა იაკობაშვილმა "სივილ ჯორჯიას“.

Civil.Ge © 2001-2024