ბენდუქიძე რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს
/ 31 Mar.'06 / 12:00
სივილ ჯორჯია

სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 30 მარტს განაცხადა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ არ გაჩნდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების რაიმე ნიშანი.

კახა ბენდუქიძე, რომელსაც ოპოზიციამ "გაზსადენის პრივატიზაციის ლობისტი“ შეარქვა, ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა 30 მარტს პარლამენტის სხდომაზე მოიწვიეს, რათა ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის თაობაზე ხელისუფლების პოზიცია გაეჟღერებინა. ბენდუქიძეს ასევე მოუხდა საუბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) საქართველოს ყოფნის ეკონომიკურ ასპექტებზე, ასევე რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესება

კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით არის "პოლიტიკური პრობლემა“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას "ცინიკური“ უწოდა.

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან შეიძლება აიხსნას ფორმულით: ცუდი პოლიტიკური და კარგი ეკონომიკური ურთიერთობები. კარგი ეკონომიკური და ცუდი პოლიტიკური ურთიერთობები არ შეიძლება გაგრძელდეს მუდამ. ან უნდა გადაიქცეს კარგ პოლიტიკურ და კარგ ეკონომიკურ ურთიერთობებად, ან ცუდ პოლიტიკურ და ცუდ ეკონომიკურ ურთიერთობებად“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

"კარგი პოლიტიკური ურთიერთობების ფასი ჩვენთვის გასაგებია და არის მიუღებელი. ამის ფასი არის ის, რომ ჩვენ უარი უნდა განვაცხადოთ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე]. ამ პოლიტიკური ფასის გადახდა შეუძლებელია, ეს არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად მზად უნდა ვიყოთ [რუსეთთან] ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებისათვის... ქართველ ექსპორტიორებს ექმნებათ და კვლავ შეექმნებათ პრობლემები რუსეთის ბაზარზე“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გააფრთხილა ქართველი მეწარმეები ამ საფრთხის თაობაზე, "თუმცა, მათ ცოტა რამ გააკეთეს ამ კუთხით“.

მისი თქმით, ერთადერთი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია.

"იმედი მაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ პრობლემას ახლა და შეძლებენ თავიანთი ექსპორტის დივერსიფიკაციას. შესაძლოა ეს უფრო ძვირი დაუჯდეთ და უფრო მეტ შრომას მოითხოვდეს, მაგრამ ეს დივერსიფიკაცია იქნება გრძელვადიანი საფუძველი ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ესტონეთის მაგალითი. ესტონეთის საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი შეადგენდა 78%-ს 15 წლის წინ, დღეს, თუ არ ვცდები, შეადგენს 15-16%-ს“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი ორ ძირითად საკითხს შეიცავს: "რას აკეთებს მთავრობა და რას აკეთებს სამეწარმეო სექტორი“.

"მთავრობას აქვს თავისი ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის მიღწევას რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან. ყველაზე დიდი მიღწევა ამ დარგში იყო GSP+ სავაჭრო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უკრაინასთან“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"ბიზნესის ფუნქციაა, რომ ამ სიტუაციაში იმოქმედოს ადექვატურად და იფიქროს თავისი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე და არ იფიქროს იმაზე, რომ აქვე ახლოს არის უზარმაზარი ბაზარი - რუსეთი და რა ადვილია ამ ბაზარზე ყველაფრის გაყიდვა“, - დასძინა მან. 

რუსული გაზის ღირებულება

მას შემდეგ, რაც იანვრიდან რუსეთმა საქართველოს გაზის ღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 110 აშშ დოლარამდე გაუზარდა, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ ვერ შეძლო "გაზპრომ“-თან მოლაპარაკებების დროს ხელსაყრელი პირობებისთვის მიეღწია. კახა ბენდუქიძემ უარყო ეს ვარაუდები და აღნიშნა, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიას ერთნაირი ფასები დაუწესა და ამჟამად რეგიონის სამივე სახელმწიფო áƒ”რთნაირ ფასს - 110 აშშ დოლარს იხდის. 

კახა ბენდუქიძემ ასევე უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინადადებას გაზის ღირებულის გაზრდის თაობაზე მოუმზადებელი შეხვდა. ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ივლიანე ხაინდრავამ ჰკითხა სახელმწიფო მინისტრს, თუ რატომ არ მოახდინა საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკებების კოორდინაცია თავის მოკავშირეებთან სუამიდან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), რომელთაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ რუსეთთან.

ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც გაზის ღირებულის გაზრდასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, მისი თქმით, ამ ქვეყნებმა ამ ინიციატივას იგნორირება გაუკეთეს.

"2005 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობა იყო, ალბათ, ერთადერთი მთავრობა, რომელიც ამ საკითხს [გაზის ფასის შესაძლო გაძვირებას] მოეპყრო ძალიან სერიოზულად. მე არ მინდა ახლა დავასახელო ის ქვეყნები - მაგრამ ეს ქვეყნები თქვენ [მიმართა ივლიანე ხაინდრავას] უკვე ჩამოთვალეთ -  რომელთაც ჩვენ დავუკავშირდით და შევთავაზეთ შეგვექმნა ერთიანი პოზიცია. პასუხი იყო, რომ თქვენ ტყუილად შიშობთ, არაფერი არ მოხდება, ეს არის უბრალოდ კომერციული თამაში რუსეთის მიერ, შეიძლება მარტო საქართველოს გაუძვირონ, იმიტომ რომ თქვენ ცუდად იქცევით და ა.შ. უკრაინაც კი იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის ტრანზიტული შანტაჟით დაითანხმებდა რუსეთს ნებისმიერ, მისთვის სასურველ ვარიანტზე. უკრაინის რუსეთთან მიღწეული გარიგება არის აბსოლუტურად წამგებიანი ვარიანტი უკრაინისთვის. უკრაინამ აბსოლუტური მარცხი განიცადა“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მაგისტრალური გაზსადენი

სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ბოლო პერიოდში "ოფიციალური ან არაოფიციალური“ მოლაპარაკებები მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე არ მიმდინარეობს, მათ შორის არც "გაზპრომთან“.

ბენდუქიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პირადი პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს ამ გაზსადენის გაყიდვას, თუმცა დასძინა, რომ მისი "პირადი პოზიცია“ არ áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ¡ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. 

"მთავარი ის კი არ არის მილი ვისია, მთავარი ის არის, რომ ამ მილში გაზი მოდიოდეს... და ცოტა ხნის წინ მომხდარმა დივერსიამ [როდესაც ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა] კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი პოზიცია ამ საკითხზე“, – განაცხადა ბენდუქიძემ.

"თუმცა მთავრობის პოზიცია ამ ნაწილში ამ ეტაპზე არის, რომ არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, – განაცხადა მინისტრმა.

ბენდუქიძემ ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ თუ მთავრობა დარწმუნდება, რომ გაზსადენის გაყიდვა საჭიროა, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის ხელში.

"თქვენ იცით, რომ არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიულ  ობიექტებს და მათ შორის არის გაზსადენიც. თუ მთავრობა გადაწყვეტს მის პრივატიზებას, ამისთვის საჭირო გახდება კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც კრძალავს სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას... აქედან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის ხელში“, – განაცხადა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ენერგოუსაფრთხოების კუთხით არის დივერსიფიცირებული ენერგომომარაგების წყაროები და არა საკითხი, თუ ვინ იქნება მილსადენის მფლობელი... ჩემი პირადი პოზიციაა, რომ პრივატიზაციაში საფრთხეს ვერ ვხედავ და ვერ ვნახე ერთი პიროვნებაც კი, რომელიც ამიხსნის, თუ რაში მდგომარეობს საფრთხე. თუმცა, ეს არ არის მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, რუსეთის გარდა ამ გაზსადენით საქართველოს გაზს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიაწვდის.

კითხვაზე, მართებულია თუ არა გაზსადენი იმ ქვეყანას მიყიდო, რომელიც დივერსიულ აქტებს აწყობს, სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა:

"ეს კითხვა ნიშნავს, რომ თუ გასცემ პასუხს კი, უნდა გამოჩნდე იდიოტად. მაგრამ მე გეკითხებით: დივერსანტის გაზის ყიდვა შეიძლება? მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დივერსანტისგან არც გაზს ვიყიდით და არც არაფერს არ განვიხილავთ. მაგრამ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ჩვენ ვყიდულობთ გაზსაც და დენსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ის გაზსადენი, რომელსაც მოაქვს გაზი რუსეთიდან საქართველოში, რუსეთის საკუთრებაში იქნება სოფელ შმიმდე ჩრდილოეთ კავკასიაში [რუსეთ-საქართველოს საზღვარი], თუ თბილისამდე. ამაშია განსხვავება“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

დსთ-ს წევრობა

ბენდუქიძეს ასევე დაუსვეს კითხვა მისი პოზიციის შესახებ საქართველოს დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებით. ოპოზიცია  ხელისუფლებისგან მოითხოვს დატოვოს ეს გაერთიანება.

"ჩემი აზრით, დსთ-ს ხიბლი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არსებობს, მაგრამ არებობს აბსოლუტურად მკაფიო უტილიტარული, შეიძლება ითქვას მერკანტილური ინტერესი იმ საბაჟო რეჟიმების შენარჩუნებაში, რომელიც თან სდევს დსთ-ს“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

მან ახსნა, რომ დსთ-ს დატოვების შემთხვევაში საქართველოს ასევე მოუხდება დატოვოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს 11 სახელმწიფოსთან და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმებები 9 წევრ სახელმწიფოსთან. 

"თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხელსაყრელი რეჟიმების ჩანაცვლებას, თუ მივაღწევთ ორმხრივ შეთანხმებებს თავისუფალ ვაჭრობაზე 11 წევრ სახელმწიფოსთან და თავისუფალ გადაადგილებაზე 9 წევრ სახელმწიფოსთან. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ იმის განხილვას, თუ რამდენად იქნება მართებული დსთ-ს დატოვება“, - განაცხადა ბენდუქიძემ.

"თუ ჩვენ მოვახდენთ ამ საკითხის პოლიტიზაციას და ვიტყვით, რომ არ გვაინტერესებს ვაჭრობასთან და მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები, ვფიქრობ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი, დაუფიქრებელი ნაბიჯი“, - განაცხადა მინისტრმა.

Civil.Ge © 2001-2024