ცნობილი ადამიანები სააკაშვილისგან გირგვლიანის საქმის გამოძიებას მოითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Apr.'06 / 17:00

17 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში საქართველოს 98 ცნობილი საზოგადო მოღვაწე მოუწოდებს ხელისუფლებას სამართლიანად და გამჭვირვალედ გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის  საქმე და აცხადებს, რომ ყველა სხვა გზა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის "საბოლოო კომპრომეტირებასთან“ მიგვიყვანს.

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა, მას შემდეგ რაც სატელევიზიო სიუჟეტმა მიანიშნა, რომ საქმესთან კავშირში შესაძლოა იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე.

საზოგადოებრივი პროტესტის გამწვავების შემდეგ პოლიციამ 6 მარტს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილებად ცნო და დააპატიმრა. თუმცა, კვლავ არსებობს ეჭვები, რომ მკვლელობა შს სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკვეთით მოხდა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი პოლიტიკური ნება იქნება დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენის და დასჯის გარანტი“, - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქართველი მწერლები, მსახიობები, კინოსა და თეატრის რეჟისორები, მომღერლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ შორის არიან ჭაბუა ამირეჯიბი, ვაჟა აზარაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ჟვანია-ქადაგიძე, ზურაბ სოტკილავა, რობერტ სტურუა, რეზო ჩხეიძე, რამაზ ჩხიკვაძე და სხვები.

"სანდრო გირგვლიანია მკვლელობის საქმის ობიექტური, გამჭირვალე და სწრაფი გამოძიება არ წარმოადგენს მხოლოდ რომელიმე ერთი სახელმწიფო ორგანოს, ან თუგინდ უმაღლესი თანამდებობის პირის ღირსებისა და პრესტიჟის საქმეს. სანდრო გირგვლიანის მკვლელების საკადრისი დასჯა და დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მხილება მთელი საზოგადოების ღირსების საქმეა“, - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც გაზეთებში "24 საათი“ და "რეზონანსი“ დაიბეჭდა.

ოფიციალურმა პირებმა ამ მიმართვას ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს. "არ მესმის რა არის ამ კითხვის აზრი. პრეზიდენტი არ არის გამომძიებელი. გამოძიებას იძიებს შესაბამისი საგამოძიებო ორგანო, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა ის პირი, ვინც კი დამნაშავეა ამ საზარელ დანაშაულში. ამაში მე არც ერთი წამით ეჭვი არ მეპარება“, - განუცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ტელეკომპანია "იმედს“. 

Civil.Ge © 2001-2024