მერდოკის მედია–გიგანტი საქართველოში შემოდის
/ 3 May.'06 / 11:44
სივილ ჯორჯია

ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, რუპერტ მერდოკის მედია–გიგანტის News Corporation-ის ინვესტიცია ქართულ მედიაში დადებითი სიგნალი უნდა იყოს ქვეყნის მედია ბაზარზე.  

News Corporation ქართული მედია ჰოლდინგ "იმედის“, რომლის მფლობელიც ბადრი პატარკაციშვილია და რომელიც ტელევიზიას და რადიოს აერთიანებს, აქციებს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედმა" 29 აპრილს გაავრცელა.

წინასწარ შეთანხმებას ბადრი პატარკაციშვილმა და რუპერტ მერდოკმა 28 აპრილს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.

ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, News Corp-მა ქართული ჰოლდინგის "აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი" შეისყიდა, "თუმცა გარიგების დეტალები კონფიდენციალური რჩება". ქართული მედიის ზოგიერთი წყაროს, მათ შორის "რუსთავი 2"-ის ცნობით, ბადრი პატარკაციშვილმა აქციების 30% გაყიდა.

News Corp–ი წლიური 24 მილიარდიანი შემოსავლით პირველი უცხოური კორპორაციაა, რომელიც ქართულ მედია–ბაზარზე შემოვა.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რუპერტ მერდოკის მრავალეროვნული News Corporation ტელეკომპანია "იმედის"  და რადიო "იმედის"  პარტნიორი გახდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ [საერთაშორისო] ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს და "იმედის" თანამშრომლებს", - განაცხადა "იმედის“ ეთერში ბადრი პატარკაციშვილმა. 

"იმედი“ საქართველოს სამ ეროვნულ მაუწყებელ კომპანიას შორის ერთ-ერთი ტელეკომპანიაა, დანარჩენი ორი "რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, პირველ და მეორე არხებს და რადიოსადგურს აერთიანებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის სამართალმემკვიდრეა, ტრანსფორმაციის პროცესშია და კერძო კომპანიებს – "იმედს“ და "რუსთავი 2“-ს კონკურენციას ჯერ ვერ უწევს.

ტელეკომპანია "იმედის“ მთავარი კონკურენტი "რუსთავი 2“–ია, რომელსაც ოპონენტები მთავრობის გავლენის გამო ხშირად აკრიტიკებენ. "რუსთავი 2“-ის მფლობელია ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ახლო ურთიერთობა აქვს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან. "რუსთავი 2“ უდიდეს სამაუწყებლო კომპანიად მას შემდეგ გადაიქცა, რაც ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "მზის“ აქციების 78% შეიძინა.

პოლიტიკური ანალიტიკოსის, რადიო "თავისუფლების“ საქართველოს ბიუროს წარმომადგენლის ია ანთაძის განცხადებით, პატარკაციშვილი–მერდოკის გარიგებას "უპრეცედენტო მნიშვნელობა“ აქვს საქართველოს მედია ბაზრისთვის.

"მე ვფიქრობ, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი... მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი დაეხმარება [პატარკაციშვილს] შეასუსტოს ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან“, - განუცხადა ია ანთაძემ "სივილ ჯორჯიას“.

გავლენიანმა ბიზნესმენმა და ფინანსურმა მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა მარტში მოულოდნელად ხელისუფლება გააკრიტიკა და მის ტელეკომპანიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სწორედ მას შემდეგ გაეხვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალში, რაც ტელეკომპანია "იმედმა“ თებერვალში სიუჟეტი გაუშვა, რომლის მიხედვითაც სამინისტროს მაღალჩინოსნებს შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ ამ დანაშაულთან. 

ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პატარკაციშვილი საკუთარი ტელევიზიის საშუალებით "საქართველოს მთავრობის დაშანტაჟების“ მცდელობაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ბადრი პატარკაციშვილს აკრიტიკებს, აცხადებს, რომ New Corp-ის გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე "საინტერესო მოვლენაა“. 
 
"ზოგადად პოზიტიური მგონია ის, რომ რუსული წარმომავლობის ოლიგარქების გავლენა მცირდება ქართულ მედია ბაზარზე“, - განუცხადა ლევან რამიშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 2 მაისს, თუმცა იქვე დასძინა, რომ "უპრობლემო არც მერდოკი არ უნდა იყოს“.

პარლამენტარმა მმართველი პარტიიდან ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ New Corp-ის გადაწყეტილება საქართველოში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე იმაზე მიანიშნებს, რომ "მოვლენები საქართველოში სწორი მიმართულებით ვითარდება“.

"და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მედია სექტორი და ბიზნეს სექტორიც აღორძინდება“, - განუცხადა ნიკა გვარამიამ რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს.

Civil.Ge © 2001-2024