ომბუდსმენი უშიშროების საბჭოს მდივნის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 May.'06 / 17:34

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც 2005 წლის და 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარადგინა, უშიშროების საბჭოს მდივნის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ციხეებში არსებული რთული სიტუაციის შექმნაში.

ეს განცხადება სუბარმა თბილისის მე–5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარ ბუნტზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც პატიმართა მსხვერპლი მოჰყვა.

"ამბოხებაში, მე პირადად მგონია, რომ [სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა] კოპაძეც და კემულარია არიან დამნაშავეები... კემულარიას ალბათ კიდევ ბრალი უნდა წაეყენოს იმ სერიოზული ეჭვების გამო, რაც არსებობს ციხესთან დაკავშირებით, რომ თანხები იქნა არასწორად დახარჯული და კორუფციას ჰქონდა ადგილი. შეიძლება კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და მოვითხოვოთ მათი დასჯა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კემულარია და კოპაძე იუსტიციის სამინისტროდან გასული წლის 22 დეკემბერს გადააყენა პრეზიდენტმა.

27 მარტს ციხეში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს áƒ£áƒ™áƒ•áƒ” ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ბუნტის დაწყების კატალიზატორად მიიჩნევენ.

"მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ღამეს [27 მარტს] რომ არ შესულიყო ბაჩო ახალაია ციხეში, მაშინ შეიძლებოდა ეს ბუნტი არ მომხდარიყო ან არ მომხდარიყო იმ დღეს და იმ ფორმით“, – განუცხადა 19 მაისს სოზარ სუბარმა დეპუტატებს და აღნიშნა, რომ ბუნტი ახალაიას მხრიდან, რომელიც სპეცრაზმთან ერთად შევიდა ციხეში, პატიმრების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოჰყვა.

ომბუდსმენმა ასევე გააკრიტიკა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. კერძოდ, მან მოითხოვა 2 მაისს თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას განხორციელებული სპეცოპერაციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა. áƒ”ს სპეცოპერაცია ორი ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა.

"თვითონ ამ ოპერაციის დაგეგმვა ქალაქის ცენტრში არის უკვე კანონის დარღვევა იმიტომ, რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხალხმრავალ ადგილებში არ შეიძლება მსგავსი ოპერაციები დაიგეგმოს, რაც იყო ჩასაფრება და არა დევნა... სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები [პოლიციელები], რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“, – განაცხადა სუბარმა.

ომბუდსმენი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობას.

“როგორც ჩანს გამოძიება იმ ოთხ ადამიანზე არის ფოკუსირებული, რომლებიც არიან დაკავებულები [გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით] და მე პირადად, ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ ამ ოთხი ადამიანით ამოიწურებოდეს საქმე... თუ ბოლომდე არ იქნება გამოძიებული და ყველა ადამიანი არ იქნება დასჯილი, ვისაც რაიმე მონაწილეობა დაუდასტურდება ამ საქმეში, ცხადია, რომ მუდმივად დარჩება მსგავსი ფაქტების გამეორების საფრთხე“, – განაცხადა სუბარმა.

სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეფასა. ობიექტური უწოდეს ამ ანგარიშს ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

Civil.Ge © 2001-2024