სუამი ოფიციალურ რეგიონალურ ორგანიზაციად ყალიბდება
/ 23 May.'06 / 11:55
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"

სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 მაისს შეთანხმდნენ შექმნან რეგიონალური ორგანიზაცია "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის - სუამი", იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა მინისტრები (მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენდა) კიევში შეიკრიბნენ, რათა მთელი რიგი დეკლარაციები და დოკუმენტები მოემზადენიბათ, რომელთაც 23 მაისს კიევში სუამის წევრი სახელმწიფოების მეთაურები მოაწერენ ხელს. სამიტს სტუმრის რანგში ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც დაესწრება.

სუამის ლიდერები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე; ახალი რეგიონალური ორგანიზაციის წესდებას და სამიტის კომუნიკეს.

ახალი ორგანიზაციის შტაბბინა უკრაინის დედაქალაქში განთავსდება.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოების საქონლის წარმოშობის დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სუამ-ის მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების შემდგომ იმპლემენტაციას.

"ეს ხელმოწერა ზემოაღნიშნული შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა და, შესაბამისად, ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის. ამ ნაბიჯით ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ უკვე დაამტკიცა თავისი ქმედუნარიანობა, რამდენადაც სამეზობლო ინიციატივების ან ორგანიზაციების ფარგლებში, მათი შექმნის დღიდან, ასეთი შეთანხმებების იმპლემენტაცია ვერ მოხერხდა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

"მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სუამ-ის საქმიანობა მიმართული იქნება დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის, სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ“, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თავდაპირველად, სუამი 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ შექმნეს აშშ-ს მხარდაჭერით და იგი დსთ-ს ალტერნატივად მიიჩნეოდა. უზბეკეთი კოალიციას ოფიციალურად 1999 წელს შეუერთდა და ორგანიზაციას სუუამი დაერქვა.

თუმცა, 2002 წელს უზბეკეთმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის დატოვებას გეგმავდა. ამ განცხადების შემდეგ უზბეკეთი აღარ მონაწილეობდა სუუამის ფარგლებში გამართულ სამიტებსა და სამუშაო შეხვედრებში. მოგვიანებით, 2005 წლის 5 მაისს უზბეკეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა სუუამიდან გამოსვლის თაობაზე.

სუამის ლიდერთა სამიტი საქართველოს მიერ დსთ-ს áƒ™áƒ áƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ˜áƒ¡ ფონზე იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 13 მაისს განაცხადა, რომ "პოლიტიკური გადაწყვეტილება“ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის თაობაზე სავსებით ნათელია, "თუმცა ამჟამად განიხილება თუ როდის და როგორ განხორციელდება ეს“.

23 მაისს კიევში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ სუამს არ აქვს გეგმები "დსთ-ს კონკურენცია გაუწიოს“. 

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ სუამი უფრო ეფექტური ორგანიზაცია იქნება, რადგანაც მის წევრებს "საერთო მიზნები“ აქვთ, მაშინ როცა დსთ-ს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების პოზიცია "ბევრ საკითხზე არ ემთხვევა“. 

Civil.Ge © 2001-2025