სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jun.'06 / 17:50

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პატიმრის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც 27 მარტს თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტის მიზეზებს აღწერს.  სუბარმა ეს მასალები გაუგზავნა ასევე პროკურატურასაც, რათა ჩვენებამ მტკიცებულების სახე მიიღოს.

პატიმარმა პაატა მამარდაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ სამ პიროვნებაში შორის, რომლებიც 25 მარტს გადაღებულ ვიდეო-ჩანაწერში  ბაჩო ახალაიას გადაყენების მიზნით ბუნტის მოწყობაზე ბჭობდნენ, 5 ივნისს სახალხო დამცველს ასევე აღიარებითი ვიდეო-ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ იგი 27 მარტის ციხის ინციდენტამდე დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი ბაჩო ახალაიასთან თანამშრომლობდა.

სუბარის განცხადებით, მამარდაშვილი დეტალურად აღწერს დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ბაჩო ახალაიასთან და კიდევ 6 პიროვნებასთან შეხვედრას, რომელიც ციხის ბუნტამდე შედგა.

ციხის მოვლენებამდე 2 დღით ადრე ამ სამი პატიმრის შეხვედრა "ვერ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყო ადმინისტრაციასთან შეთანხმებული და მათი ნება“, - აცხადებს სუბარი.

იგი მამარდაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წინასწარ ამბოხის არანაირი გეგმა არ ყოფილა და მსგავსი დავალება არ ყოფილა არც დეპარტამენტის ხელმძღვანელობისგან.

"უბრალოდ სიტუაცია კონტოლიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიამ, მამარდაშვილის თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ პატიმარს, ავალიანს, რომელმაც ასევე უპასუხა დარტყმით ახალაიას, რის შემდეგაც სპეცრაზმმა დაკარგა კონტროლი და 4 პატიმარი იცემა სასტიკად, რასაც მოყვა ხმაური ჯერ ციხის საავადმყოფოში და შემდეგ გადაედო საპყრობილეს, სადაც დაიწყო ამბოხი“, - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა.

27 მარტს ციხეში პატიმრებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას ოფიციალური მონაცემებით, 7 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Civil.Ge © 2001-2024