თავისუფლების ინსტიტუტი სახალხო დამცველს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jun.'06 / 12:40

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტმა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თბილისში 27 მარტს ციხეში მომხდარ ბუნტთან დაკავშირებით "ცალმხრივი განცხადებების“ გაკეთების გამო გააკრიტიკა.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 6 ივნისს განაცხადა, რომ 27 მარტს ციხეში მომხდარი ბუნტი, რომლის დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა, ბაჩო ახალაიას მიზეზით დაიწყო. სუბარმა ახალაიას წინააღმდეგ პატიმრის, პაატა მამარდაშვილის, ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებს, რომ იგი 27 მარტის ციხის ინციდენტამდე დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი ბაჩო ახალაიასთან თანამშრომლობდა, რათა გამოეგონათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ინციდენტი, როგორც ამას ოფიციალური პირები აცხადებენ, კარგად დაგეგმილი ბუნტი იყო, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასერიოზული, როდესაც ამ ადამიანზე [პაატა მამარდაშვილზე] დაყრდნობით შეიძლება გავაკეთოთ ცალმხრივი განცხადება და ვთქვათ, რომ ის თუ ამბობს, ეს მართლაც ასეა“, - განუცხადა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს 7 ივნისს.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მამარდაშვილის ჩვენებით.

სოზარ სუბარმა 6 ივნისს განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მამარდაშვილის ჩვენება სიმართლეა“, ამ უკანასკნელის განცხადებები იძლება მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ იქნას დაყენებული ოფიციალური პირების მიერ ბუნტის შესახებ შემოთავაზებული ვერსია.

გენერალური პროკურატურა 7 ივნისს მამარდაშვილის დაკითხვას გეგმავს. დაკითხვას ასევე დაესწრებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც.

სახალხო დამცველი - რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელია - ამავე ჯგუფმა მაისშიც გააკრიტიკა, როცა სუბარმა სამართალდამცავი სტრუქტურები დანაშაულში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების დროს გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.

Civil.Ge © 2001-2024