პარლამენტმა საბაჟო განაკვეთების ლიბერალიზაციის განხილვა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jun.'06 / 13:48

9 ივნისს პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილმა საბაჟო გადასახადის შესახებ კანონპროექტმა, რომლითაც 16–ის ნაცვლად 3 სახის საბაჟო გადასახადი დარჩება – 0%, 5% და 12%–იანი განაკვეთებით. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

კანონპროექტის მიხედვით, ნულოვანი გადასახადით დაიბეგრება იმპორტირებული მანქანა–დანადგარები და ასევე გაუქმდება ე.წ სეზონური განაკვეთები, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის იმ პროდუქციაზე მოქმედებს, რომელიც საქართველოში სეზონურად ჭარბად იწარმოება.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ვიცე–სპიკერი ჯემალ ინაიშვილი, რომელიც ამავდროულად საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარეცაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების 0%–იანი საბაჟო გადასახადით დაბეგვრას, რადგან მათი მტკიცებით, ეს ქვეყანაში აგრარულ სექტორს და ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს.

ამის მიუხედავად მთავრობაში განიხილება ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ნულოვანი განაკვეთის დაწესების წინადადებაც, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ áƒ“ეპუტატები ამ შეთავაზებას დათანხმდნენ.  აქედან გამომდინარე, განიხილება კიდევ ერთი ალტერნატიული წინადადებაც მხოლოდ 0% და 12%–იანი განაკვეთების დაწესების შესახებ.

ნულოვან დაბეგვრას იმავე არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან ასევე ოპოზიციური ფრაქცია მრეწველების წარმომადგენლებიც, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი კი აცხადებს, რომ áƒ›áƒ—ავრობა იმპორტიორების ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს.

"ამ ინტერესების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები – გივი თარგამაძე [თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე], დავით კეზერაშვილი [ფინანსური პოლიციის უფროსი], ვანო მერაბიშვილი [შს მინისტრი]“, – აცხადებენ დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლები.

"ჩვენს აგრარულ სექტორს, ჩვენს ფერმერებს ვაყენებთ არაკონკურენტუნარიან პირობებში... ჩვენი წარმოება როგორც აგრარული, ასევე სამრეწველო და გადამამუშავებელი კიდევ უფრო დაიძირება და გაჩერდება“, – განაცხადა ფრაქცია მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

დღესდღეობით, ქვეყანაში 16 საბაჟო განაკვეთი მოქმედებს მინიმალური 6%–იდან 25–30%–მდე. მაქსიმალური განაკვეთით პრიორიტეტული ბრენდები – ღვინო და მინერალური წყლები იბეგრება, თუმცა ახალი ტარიფების მიღების შემთხვევაში, 2007 წლის იანვრიდან ეს განაკვეთები შესაძლოა მინიმუმ 12% და მაქსიმუმ 0%–მდე შემცირდეს.

 

Civil.Ge © 2001-2024