![]() |
|||
ირაკლი ალასანიას, რომელიც როგორც თბილისში, ასევე სოხუმსა და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს, აფხაზეთის კონფლიქტის საკითხის მოგვარება ნიუ-იორკიდან მოუწევს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას პარლამენტი მას გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცებს. ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება 32 წლის ირაკლი ალასანია, თავისი მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნოს არის ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით. თუმცა, ოპონენტები შიშობენ, რომ ახალი დანიშვნა შეაფერხებს იმ დადებით იმპულსს, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ბოლო დროს გამართულ მოლაპარაკებებზე შეინიშნება. ალასანიას კანდიდატურა დეპუტატებმა 12 ივნისს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს. ალასანია ამ პოსტზე რევაზ ადამიას შეცვლის, რომელიც საქართველოს ელჩად გაეროში 2002 წლიდან მსახურობს. "ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად. ეს პირველ რიგში შეეხება: სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას - საუბარია [გაეროს] საპოლიციო კომპონენტის დამატებაზე [არსებულ სამშვიდობო ოპერაციაზე]. ასევე გავაძლიერებთ საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ეთნიკური წმენდის აღიარების საკითხებზე“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 12 ივნისს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ალასანია ასევე შეინარჩუნებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას. "ჩვენ ძალიან კარგი შთაბეჭდილებები გვაქვს [ალასანიაზე] ... ეს არის პიროვნება, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მას შემდეგ, რაც ალასანია პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ, მარტის ბოლოს, ალასანიამ მოახერხა მიეღწია შეთანხმებისთვის აფხაზურ მხარესთან ქართული-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენის თაობაზე, რომელიც ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მექანიზმად მიიჩნევა. 9 ივნისს ირაკლი ალასანიამ პარლამენტს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის თბილისის წინადადებები გააცნო. ეს დოკუმენტი შეიცავს თბილისის ოფიციალურ პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. პრეზიდენტის მრჩევლობამდე ირაკლი ალასანია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე იყო, მანამდე კი, 2002-2004 წლებში იგი ჯერ უშიშროების მინისტრის, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ზოგიერთმა დამკვირვებელმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ალასანიას ახალი დანიშვნის თაობაზე "უცნაური“ უწოდა, რადგანაც ისინი ეჭვობენ, რომ ალასანია ვერ შეძლებს აფხაზურ მხარესთან უფრო ახლო კონტაქტების დამყარებას ნიუ-იორკიდან, ვიდრე თბილისიდან. "ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და გამოუცნობი გადაწყვეტილება“, – განუცხადა დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ხელაშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 13 ივნისს. "ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა მას განეგრძო ის საქმე, რაც საკმაოდ კარგად დაიწყო“, - დასძინა მან. ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე სკეპტიკურად შეხვდნენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას. "ირაკლი ალასანიამ ძალიან საინტერესო დიალოგი წამოიწყო აფხაზურ მხარესთან, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი შეაშფოთა მისმა პოზიტიურმა აქტიურობამ და გადაწყვიტეს პოლიტიკურად ნაკლებ მნიშვნელოვან თანამდებობაზე გააგზავნონ“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ 12 ივნისს. "ალასანია იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მთავრობაში... მე არ გავაგზავნიდი მას ოკეანის მიღმა“, - განუცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველებიდან ჟურნალისტებს 12 ივნისს. კანონმდებლები მმართველი პარტიიდან მიესალმებიან ამ წარდგინებას და აცხადებენ, რომ გაეროს გააქტიურება სასიცოცხლო იქნება აფხაზეთის სამშვიდობო პროცესისთვის. "ვფიქრობ, რომ ბატონი ალასანია შეძლებს უფრო პროდუქტიულად განაგრძოს თავისი საქმიანობა იქ [გაეროში], სადაც ამგვარი საკითხები წყდება“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 12 ივნისს. თუმცა, ანალიტიკოსი გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ გაერო "ბევრს არ წყვეტს კონფლიქტის მოგვარების პროცესში“. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025