პარლამენტმა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jun.'06 / 14:45

დღეს პარლამენტმა 121 ხმით ერთხმად დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე  უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ბადრი ნანეტაშვილი პარლამენტარისათვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთის" და ამავე სახელწოდების გაზეთის მართვის გზით ეწეოდა, რასაც თავად ბადრი ნანეტაშვილი უარყოფს.

"არგუმენტები, რომელიც დასკვნაშია მოყვანილი ძალიან წონადია, ბატონ ბადრის არ წარმოუდგენია სამწუხაროდ არც ერთი არგუმენტი [კუთვნილი აქციების მართვაში გადაცემის ნოტარიულად დადასტურებული], რომელიც გააქარწყლებდა იმ პრეტენზიებს, რომელიც მის მიმართ არსებობს“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს.

მიუხედავად ბურჯანაძის განცხადებისა, რომ უმრავლესობის შიგნით "დავა და კამათი“ არ არსებობს, დადგენილებაში მოყვანილმა არგუმენტებმა მაინც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მხოლოდ ტელეკომპანიის მართვაში გადაცემის დაუდასტურებლობა ვერ იქნება სამართლებრივი დასკვნის გამოტანის საფუძველი.

“ჩვენ ფაქტიურად ახლა სასამართლოს ფუნქციას ვასრულებთ და დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მოტივირებული“, – განაცხადა ბეჟაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ნანეტაშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით პარლამენტს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.

15 ივნისს ბადრი ნანეტაშვილმა უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ განცხადება მისი საქმის შესწავლის დაწყების შემდეგ გააკეთა და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და მმართველის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოქრუაშვილი მას ტელეკომპანიის აქციების გაყიდვას, ხოლო ბოკერია პარლამენტის ნებაყოფლობით დატოვებას აიძულებდა.

ამავდროულად, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და პრეზიდენტისაგან მათ ტელეკომპანიაზე ზეწოლის პრევენციის გარანტიებს ითხოვენ.

ამ მოწვევის პარლამენტში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა áƒ“ეპუტატს სამეწარემო საქმიანობის áƒ›áƒáƒ¢áƒ˜áƒ•áƒ˜áƒ— უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება. ოპოზიციური ფრაქცია áƒ“ემოკრატიული ფრონტის წევრს, რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს უფლებამოსილება 31 მარტს შეუწყდა, ხოლო უმრავლესობის წევრმა კობა ბექაურმა დეპუტატის მანდატი 28 თებერვალს ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი სამეწარმეო საქმიანობა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ არ დაადასტურა. 

 

Civil.Ge © 2001-2024