პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა ჭიანურდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'06 / 14:21

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თხოვნის საფუძველზე პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრისა და 2006 წლის დასაწყისის ანგარიშის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიისთვის გადაიდოს, რომელიც სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაინიშნება.

თევდორაძის განმარტებით, მან ანგარიშის უკვე მეორედ გადადების მოთხოვნა იმ მოტივით დააყენა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლო, მიმდინარე კვირას პარლამენტს 124 კანონპროექტი ჰქონდა განსახილველი და ომბუდსმენის ანგარიშის განხილვას სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობოდა.

"დაინტერესებული ვარ, რომ სოზარ სუბარის მოხსენება, რომელსაც შესაძლოა ერთი დღე დაეთმოს, არ დაიჩრდილოს. ამიტომ მოვითხოვე მისი რიგგარეშე სესიაზე გადატანა... გამორიცხულია, რომ ამ საკითხის განხილვა შემოდგომისთვის გადაიდოს“, – განუცხადა 22 ივნისს "სივილ ჯორჯიას“ თევდორაძემ.

მისი თქმით, კომიტეტმა დადებითად შეფასა ანგარიში, "თუმცა არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა, რომელიც "ადეკვატურად“ აფასებს საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ მოვლენებს – გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, ორთაჭალის ციხეში მომხდარ ბუნტს, ასევე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების სხვა ფაქტებს, საგანგებოდ ჭიანურდება, რათა ხელისუფლებამ თავი აარიდოს ამ ფაქტებზე პასუხის გაცემას.

“როგორც ჩანს,  პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმ ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ამ ანგარიშიდან გამომდინარე ლოგიკურად დადგება დღის წესრიგში“, – განუცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა ახალი მემარჯვენეებიდან კოკა გუნცაძემ "სივილ ჯორჯიას“.

მისი შეფასებით, მიუხედევად იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ აპირებს ანგარიშის განხილვას დაესწროს, ეს პროცედურა მაინც ხმაურით ჩატარდება პარლამენტში და "ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის“.

ოპოზიციურმა ფრაქციებმა საკუთარი დადებითი შეფასება სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ 5 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღებულ დეკლარაციაში ჩამოაყალიბეს,  სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას გადაყენება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ასევე შსს–ს სტრუქტურული რეორგანიზაცია. 

Civil.Ge © 2001-2024