ცხინვალში აფეთქების შედეგად უშიშროების საბჭოს მდივანი გარდაიცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'06 / 20:23

დღეს დილით ცხინვალში მომხდარი აფეთქების შედეგად თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბაროვი დაიღუპა.

დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ალბაროვი 7:15 საათზე საკუთარი ავტოფარეხის კარებს აღებდა, განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა.

ცხინვალის ხელისუფლებამ მომხდარში ქართული მხარე დაადანაშაულა.

დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ტერორისტული აქტი თბილისის გეგმის ნაწილია, რომელიც დიდი რვიანის სამინიტის წინ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა განაცხდა, რომ მომხდარი "კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.“

თბილისმა კატეგორიულად უარყო მომხდართან კავშირი. "ქართულ მხარის ინტერესებში არ შედის ანგარიშსწორება ოს ოფიციალურ პირებთან,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ მომხდარს ცხინვალის ხელისუფლების შიგნით დაწყებული კრიმინალური გარჩევების შედეგი უწოდა.

„სახეზეა ცხინვალის ხელისუფლების პოლიტიკური ტერორის რეჟიმში გადასვლა. ის, რაც დღეს დილით ცხინვალში მოხდა, არის პოლიტიკური ტერორი - ეს არის ანგარიშწორება ძალაუფლების გადანაწილების მიზნით,“ - განაცხადა გიორგი არველაძემ.

Civil.Ge © 2001-2024