სააკაშვილი პუტინს კიდევ ერთ შეხვედრას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jul.'06 / 20:54

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდი რვიანის სამიტის შემდეგ, რომელიც სანკტ–პეტერბურგში 15–17 ივლისს გაიმართება, კიდევ ერთი შეხვედრა შესთავაზა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთი თვის წინ, 13 ივნისს შეხვდნენ ბოლოს ერთმანეთს და დიალოგის გაგრძელების სურვლი გამოთქვეს.

“ამავე დროს ახლოვდება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებები, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარლამენტი აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.

პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ოპერაცია áƒ£áƒœáƒ“ა გაგრძელდეს და "ამაში ჩვენ გვაქვს მხარდაჭრა აშშ–სა და ევროპელი მეგობრების“.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, რადგან  "ყველანაირი სამხედრო კონფრონტაცია ნიშნავს საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას და განვითარებაზე უარის თქმას“.

“ორფოლოდან [პოლიგონი, სადაც ამჟამად სამხედრო წრთვნები მიმდინარეობს] ჯარი ცხინვალში არ მიდის“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა აქვე დასძინა, რომ "ჩვენ ამ კონფლიქტებს გადავწყვეტთ, იმედია,  რუსეთთან ერთად ან რუსეთის გარეშე. არ ვაპირებთ ამის უსაშველოდ გადადებას“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დსთ–ში ყოფნასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ყველაფერს ვითვლით და არცერთი ნაბიჯი არ იქნება ისეთი გადადგმული, რომელიც ერთ მეწარმეს მაინც შეუქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024