სააკაშვილი კვიციანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jul.'06 / 20:48

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამორიცხა მოლაპარაკებები მეამბოხე შეიარაღებული რაზმის "მონადირის" მეთაურთან ემზარ კვიციანთან და განაცხადა, რომ "დედას ვუტირებთ ყველას ვინც აღმართავს ხელს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მის ერთიანობაზე და ქართველი ხალხის თავისუფლებაზე. ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად".

"ეხლა გვეუბნებიან: წადით და მოილაპარაკეთ. ერთადერთი რაზეც შემიძლია მოველაპარაკო მე კვიციანს და მის ბანდას - თუ ისინი იარაღს ჩააბარებენ - იმაზე როგორი საკნები ექნებათ მათ მეხუთე იზოლატორში თბილისში", – უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

მან გაიხსენა ასლან აბაშიძე და განაცხადა რომ "ყველა ვინც განუდგება საქართველოს, ყველა ვინც შეეცდება რაიმე პრობლემები შეუქმნას მას, აუცილებლად დამარცხდება".

სააკაშვილის თქმით, კვიციანის დაჯგუფებაში ის კრიმინალები არიან, რომლებიც 1993 წელს სოხუმიდან მომავალ ქართველ დევნილებს გზაში "ძარცვავდნენ და კლავდნენ.”

"ეს ხალხი ჩვენ ბოლომდე არ მოვსპეთ და ამიტომ არის, რომ დღეს კიდევ წამოყვეს თავები", – დასძინა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024