კოდორში მიმდინარე სპეცოპერაციის თაობაზე საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება
/ 26 Jul.'06 / 11:09
სივილ ჯორჯია
გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაიჭრა კოდორის ხეობაში მიმდინარე "პოლიციის ოპერაციის“ შედეგად, სადაც სამთავრობო ძალები ემზარ კვიციანს და მის გასამხედროებულ ჯგუფს "მონადირეს“ დაუპირისპირდნენ.

პირველი ინფორმაცია დაჭრილების შესახებ 26 ივლისს დილით ადრე გაჩნდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები კოდორიდან ზუგდიდის საავადმყოფოსკენ დაიძრნენ.

კოდორის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ოფიციალური პირები უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე და მხოლოდ ამბობენ, რომ სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება. ხეობასთან სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია, ხოლო ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბაბით ხეობაში არ უშვებენ.

ამავდროულად, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით, რომ საქართველომ დამატებითი ჯარები - დაახლოებით 300 კაცი - გააგზავნა კოდორის ხეობაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა გასამხედროებული ჯგუფის 60-კაციანი შენაერთი განაიარაღეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, აჯანყებულებმა ხეობაში ერთ-ერთი ხიდი ააფეთქეს. 

ემზარ კვიციანის ადგილმდებარეობის შესახებ 25 ივლისს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. "რუსთავი 2“ იტყობინებოდა, რომ ის სოხუმში გაიქცა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ოფიციალურად, არც ერთი ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ჯერ არ დასტურებულა.

სამთავრობო ძალებსა და კვიციანის ჯგუფს შორის შეტაკების შესახებ ინფორმაცია ქართულმა მედიამ 25 ივლისს, საღამოს 8 საათზე გაავრცელა. განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ "მიმდინარეობს საპოლიციო ოპერაცია, რომლის მიზანიცაა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ კოდორის ხეობაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 25 ივლისს განაცხადა, რომ წესრიგი კოდორის ხეობაში "მალე და ეფექტურად“ აღდგება. 

ოფიციალური პირები გამორიცხავენ, რომ პოლიციის ოპერაცია "ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში“ გადაიზრდება.

აფხაზური წყაროები იტყობინებოდნენ 25 ივლისს, რომ მიუხედავად იმისა "რამდენიმე გასროლა“ განხორციელდა ზედა კოდორში, ფართომასშტაბიან შეტაკებებს იქ ადგილი არ ჰქონია.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გააფრთხილა ქართული მხარე, რომ მათი ჯარები მზად არის ქართული ძალების მოსაგერიებლად, თუ ისინი აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ქვედა კოდორის ტერიტორიაზე შევლენ. 

 

Civil.Ge © 2001-2024