ოფიციალური პირები ურჩევენ კოდორის მოსახლეობას განერიდონ "ბანდიტებს"
/ 26 Jul.'06 / 13:12
სივილ ჯორჯია

აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ პოლიციის ოპერაცია კოდორის ხეობაში მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება "იმ პირების სრულ განადგურებამდე, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას ძალისმიერი გზით ეწინააღმდეგებიან“.

"მოვუწოდებ მშვიდობიან მოსახლეობას განერიდონ ბანდიტებს და მათი კონცენტრაციის ადგილებს, რადგან ბანდიტთა ფეხქვეშ მიწა დაიწვება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

არველაძემ áƒ“აადასტურა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაჭრის თაობაზე, მას შემდეგ რაც ემზარ კვიციანის შეიარაღებულმა ჯგუფმა მათ 25 ივლისს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა დაჭრილთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

მანამდე, 26 ივლისს დილით ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის ოთხი ოფიცერი კოდორის ხეობიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არველაძემ ასევე გამორიცხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა აჯანყებულებთან.

"ერთადერთი, რაც მათ შევთავაზეთ, იარაღის ჩაბარებაა, თუმცა ისინი უარს აცხადებენ“, - დასძინა მან.  

მისი თქმით, ხელისუფლების "მთავარი მიზანია“ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და "მათი დახმარება ამ უმძიმეს სიტუაციაში“.

არველაძის კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი ოფიციალური განცხადება იყო კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ. პირველი ოფიციალური განცხადება კოდორის ხეობაში "საპოლიციო ოპერაციის“ დაწყების თაობაზე განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ 25 ივლისს გააკეთა.

ინფორმაცია კოდორიდან საკმაოდ მწირი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ხეობასთან სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია, ხოლო ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბაბით ხეობაში არ უშვებენ.

ამავდროულად, აფხაზური წყაროები 26 ივლისს იტყობინებიან, რომ ამჟამად კოდორის ხეობაში სიმშვიდეა.

"ამჟამად, ქართული პოლიციის ძალები სოფლებში აჟარასა და გენცვიშში ადგილობრივი მოსახლეობის პასტპორტებს ამოწმებენ“, - განუცხადა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა 26 ივლისს "ინტერფაქსს“.

მისი თქმით, ემზარ კვიციანის შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა და ტყეში გაიფანტნენ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ცნობით, საქართველოს პოლიციის ძალები კოდორის ხეობის სოფლებში კარდაკარ დადიან და სახლებს ჩხრეკენ. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

 

Civil.Ge © 2001-2024