კოდორში დაპირისპირებას ერთი ქალი ემსხვერპლა, კვიციანმა კი გაქცევა მოახერხა
/ 27 Jul.'06 / 15:19
სივილ ჯორჯია

აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
ოფიციალური ინფორმაციით, კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში ვერტმფრენებიდან დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო ემზარ კვიციანმა და მისმა შეიარაღებულმა მებრძოლებმა გაქცევა მოახერხეს.

ამჟამად, ქართველი სამართალდამცავები მას ეძებენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 27 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კვიციანი და მისი მებრძოლები სოფელ ჩხალთაში 27 ივლისს ღამის 2 საათამდე იმყოფებოდნენ.

"კრიმინალები ეფარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და ეს გახდა ერთი ქალბატონის დაღუპვის მიზეზი“, - განაცხადა გიორგი არველაძემ.

მისი თქმით, მეამბოხეებმა ცეცხლი გახსნეს და ორი ვერტმფრენი დააზიანეს, რასაც შედეგად მოყვა იმ ტერიტორიების დაბომბვა, საიდანაც ეს სროლები განხორციელდა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ  თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, სამართალდამცავებმა დერეფანი გაუკეთეს კვიციანს, რომლის საშუალებითაც კვიციანმა და მისმა მებრძოლებმა ალყაშემორტყმული სოფელი დატოვეს.

"ამჟამად, მიმდინარეობს მისი ძებნის ოპერაცია. ისინი ტყეებს აფარებენ თავს, მაგრამ სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ, ჩვენ მათ მაინც დავიჭერთ და დავსჯით“, - განაცხადა არველაძემ.

"ძებნის ოპერაციას რამდენიმე დღე დასჭირდება“, - დასძინა მან.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უკვე გააფრთხილეს აფხაზური მხარე არ აღმოუჩინონ დახმარება კვიციანის მებრძოლებს და არ შეუშვან ისინი აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დააწესა 100 000 ლარი ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელის დასადგენად.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ანატოლი ზაიცევმა 27 ივლისს გამორიცხა ემზარ კვიციანის შესაძლო გადასვლა აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

არველაძემ ასევე ვერ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კვიციანი დაჭრილია. მისი თქმით, ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ორი თანამშრომელი დაიჭრა.

არველაძის თქმით, "რამდენიმე კრიმინალი" დაკავებულია, ბევრმა მათგანმა კი იარაღი ჩააბარა.

მისი თქმით, "ანტიკრიმინალური საპოლიციო ოპერაციის ძირითადი ნაწილი წარმატებით დასრულდა" და სამართალდამცავები ზემო კოდორის ყველა სოფელს აკონტროლებენ.

მისი თქმით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ყუმბარმტყორცნები და ასევე საზენიტო დანადგარები "სტრელა" და "იგლა". 

არველაძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ხეობაში სოციალური áƒ áƒ”აბილიტაციის პროგრამების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის სკოლების, საავადმყოფოების, გზების და აეროდრომის აღდგენას.

Civil.Ge © 2001-2024