ოქრუაშვილი კოდორის ხეობაში არსებულ დაძაბულობაში გარეშე ძალებს ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jul.'06 / 16:09

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის მიერ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებული "პროვოკაცია იმართებოდა ქვეყნის გარედან იმ ძალების მიერ, რომელთაც არ სურთ საქართველოში სტაბილურობა“.

ოქრუაშვილმა, რომელიც კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფება, განაცხადა, რომ სპეცოპერაციის "მთავარი ფაზა“ დასრულებულია და კოდორის ხეობა მთლიანად კონტროლდება სამთავრობო შენაერთების მიერ.

მისი თქმით,  რუსი სამშვიდობოების მხრიდან იყო მცდელობა დახმარებოდნენ კვიციანს და მის მომხრეებს. 

"მაგრამ იქ იმდენი რაოდენობით ვართ [ქართული ძალები], რომ ამის საშუალებას არავის არ მივცემდით“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა "რუსთავი 2“-ს სატელეფონო საუბრისას.

მისი თქმით, "სულ ცოტა 10 ტონა ტყვია-წამალი“ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები "იგლა“ და "სტრელა“ იქნა ამოღებული ჩხრეკის შედეგად.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპერაცია "მინიმალური მსხვერპლით“ დასრულდა, თუმცა ისიც დაადასტურა, რომ ხანშიშესული ქალი დაიღუპა სოფელ ჩხალთის დაბომბვის დროს.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კვიციანის "ბანდამ“ სამხედრო ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც მოჰყვა საპასუხო ცეცხლი და "ერთი ქალბატონის სიკვდილი". მისი თქმით, კვიციანის მებრძოლებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად გამოიყენეს.

"ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქართველ ჯარისკაცს, ქართველ პოლიციელს დაემუქრება საფრთხე,  ჩვენ ადექვატურად  ვუპასუხებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აგრესიას გამოავლენს ჩვენი მისამართით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, კოდორის ხეობაში 25 ივლისს ემზარ კვიციანის და მისი ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებული სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ოფიცერი დაიჭრა.  ამჟამად, კვიციანის ადგილსამყოფელი უცნობია.

ოქრუაშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ოპერაციის მეორე ფაზა, რომლის áƒ¤áƒáƒ áƒ’ლებშიც იძებნება კვიციანი. მან ასევე აღნიშნა, რომ კვიციანს ბევრი მებრძოლი აღარ დარჩა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "სამართალდამცავები დარჩებიან ხეობაში მშვიდობისა და წესრიგის დაცვის მიზნით“.

"ხეობაში ასევე დარჩება შინაგან საქმეთა მინისტრიც, სანამ ამის აუცილებლობა იარსებებს“, - დასძინა ოქრუაშვილმა.


 

Civil.Ge © 2001-2024