კარასინი სოხუმში შეხვედრებს მართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Aug.'06 / 10:23

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც სოხუმს 7 აგვისტოს ეწვია, უკვე შეხვდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.

“აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვიზიტი აფხაზეთში უკავშირდება კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

“მთავარი მისიაა – სიტუაცია კვლავ დაბრუნდეს წყნარი მოლაპარაკებების კალაპოტში, რომელიც ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ არის მიმართული. ამისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ უარის თქმა ძალის გამოყენებაზე“, – იუწყება "აფსნიპრესი“ 7 აგვისტოს კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთს დღეს მას შემდეგ დატოვებს, რაც კიდევ ერთხელ შეხვდება სერგეი შამბას და ასევე შეხვედრას გამართავს რუს სამშვიდობოთა მეთაურთან სერგეი ჩაბანთან.

Civil.Ge © 2001-2024