პოლიციელს მკვლელობის ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Aug.'06 / 13:58

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გრიგოლ ბაშალეიშვილს 19 წლის ამირან რობაქიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, რობაქიძის ნათესავებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დაფარვაში დაადანაშაულეს, რომელთაც, სავარაუდოდ, მტკიცებულება გააყალბეს.

ამირან რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს ორი ტყვიით იქნა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის გადაცემა „პატრულმა“, რომელიც ყოველდღე გადის „რუსთავი 2“-ის ეთერში, მეორე დღეს განაცხადა, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაჭერას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“  ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც, ვითომდა, რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს.

თუმცა, მოგვიანებით გამოძიებამ დაადასტურა, რომ მტკიცებულება დანაშაულის ადგილას გაყალბებული იქნა. მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ მან „შემთხვევით“ მოკლა უიარაღო ამირან რობაქიძე.    

რობაქიძის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების გასამართლებას ითხოვენ, რომელთაც გააყალბეს მტკიცებულება დანაშაულის ადგილზე. კერძოდ, ნათესავები პრეს-სამსახურის მაშინდელი ხელმძღვალის გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის ზურაბ მიქაძისკენ იშვერენ თითს.

გურამ დონაძე ცოტა ხნის წინ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალშიც გაეხვა. 2006 წლის მარტში დონაძე საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა.

სასამართლო მოსმენაზე რობაქიძის ოჯახის ადვოკატმა გადაცემა „პატრულის“ ჟურნალისტების დაკითხვაც მოითხოვა, რომლებიც, ბაშალეიშვილის ჩვენების თანახმად, არ იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილას. თუმცა 10 აგვისტოს სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტები იქ იმყოფებოდნენ. რობაქიძის ნათესავებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს. მანამდე, ადვოკატი დონაძის და მიქაძის დაკითხვასაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2006 წლის ივლისში სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართა გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს სისხლის სამართლის საქმე აღეძრა იმ სამართალდამცავების წინააღმდეგ, რომელთაც, სავარაუდოდ, მტკიცებულება გააყალბეს.

 

Civil.Ge © 2001-2021