წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს
/ 20 Sep.'06 / 13:26
სივილ ჯორჯია

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ არ დაასახელოს თბილისის მოქმედი მერი და 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი გიგი უგულავა რომელიმე ოლქში მაჟორიტარად, გარკვეულწილად შეამცირა არჩევნებზე პოლიტიკური შეჯიბრებითობის ხარისხი; თუმცა, დაძაბული ბრძოლა მაინც მოსალოდნელია, რადგანაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს თბილისის ცალკეულ ოლქებში დაუპირისპირდება.

თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოს წევრობისთვის (და შემდეგ თბილისის მერობისთვის) ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით იბრძოლებს, მაჟორიტარულ ოლქში ოპონენტებთან პირდაპირი დაპირისპირების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას გარანტირებული ადგილი ექნება საკრებულოში, რადგანაც ცხადია, რომ მმართველი პარტია სავალდებულო 4%-იან ბარიერს გადალახავს. 

პარტიების წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, მმართველი პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის პოლიტიკური დებატების გარეშე. 

გაზეთი "24 საათი“  20 სექტემბერს იტყობინება, რომ ხელისუფლებამ "ოპოზიციასთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილების“ ტაქტიკა აირჩია.

"საზოგადოებრივი თვალთახედვიდან გაქრნენ უმრავლესობის ის სახეები, რომლებსაც მაინცდამაინც მაღალი რეიტინგი არ აქვთ: მაია ნადირაძე, გიგა ბოკერია, დავით კირკიტაძე, ბიძინა ბრეგაძე. მათ ნაცვლად წინა პლანზეა წამოწეული თბილისის მერისა და პრეზიდენტის პერსონები“, - წერს გაზეთი "24 საათი".

დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი ნაძალადევის სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ოპოზიციური "საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს უპირისპირდება. მმართველმა პარტიამ ამავე ოლქში ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაასახელა.

ასევე დაძაბული იქნება არჩევნები გლდანის სამმანდატიან ოლქშიც, სადაც კონსერვატორების და რესპუბლიკელების საარჩევნო ბლოკის კანდიდატი კობა დავითაშვილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს დაუპირისპირდება. ამავე ოლქში კენჭს იყრის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი გიორგი გუგავა.

კონსერვატორების და რესპუბლიკელების საარჩევნო ბლოკის კანდიდატი თინა ხიდაშელი საბურთალოს სამმანდატიან ოლქში ცდის ბედს, სადაც  მმართველმა პარტიამ ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგებლის დავით იოსელიანის კანდიდატურა დააყენა.

მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამ ოლში მმართველი პარტიის მაჟორიტარული სიის სათავეშია მწერალი ზაალ სამადაშვილი.

ერთი თვის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა (საქართველოს გზის გარდა) სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ერთმანეთისათვის არ დაეპირისპირებინათ კანდიდატები და არ გაეყოთ ოპოზიციის ხმები. áƒ—უმცა, ეს შეთანხმება ვერ შესრულდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მმართველი პარტიის წარმატების შანსები.

თბილისის 37 წევრიან საკრებულოში მანდატების მეტი წილი – 25 – სწორედ მაჟორიტარულად არჩეულ წევრებზე მოდის. ამდენად, მმართველი პარტიისათვის, რომლის არცერთი ლიდერი ფიგურაც არ იყრის თბილისში კენჭს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში მოგებას ენიჭება, რადგან საკუთარი მერობის კანდიდატის გასაყვანად საკრებულოში ხმების 2/3–ია საჭირო.  

ამასობაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს მონიტორინგს უწევს, თბილისში, 13 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში 100 ათასი ამომრჩევლის მონაცემის გადამოწმების შედეგად სიებში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა და რეაგირებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) გადასცა.

ორგანიზაციის განცხადებით, 1140 ამომრჩეველი სიებში გამოტოვებულია, 628  – გარდაცვლილია, 500 მონაცემში სხვადასხვა შეცდომაა, 4000-მდე მონაცემი კი დაუზუსტებელია.

 

Civil.Ge © 2001-2024