სააკაშვილი: რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით იმუქრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Sep.'06 / 10:27

რუსეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა თბილისი, რომ მოსკოვი ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც კი კოსოვო იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 სექტემბერს.

"დღეს საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მიმდინარეობს კოსოვოს ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი, ამ პროცესის პარალელურად, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან პირდაპირი მუქარა გაისმა, რომ ისინი მზად არიან, კოსოვოს ცნობის პალალელურად საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობაც ცნონ - წაგლიჯონ ჩვენ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიები“, - განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა წარუმატებელი იქნება.

"ქართველი ხალხი ამას არასდროს, არცერთ გარემოებაში არ დაუშვებს“, - დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული დიალოგი გამართოს.  

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 27 სექტემბერს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სოხუმიდან ქართული ჯარების განდევნის 13 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"ცამეტი წლის წინ, დიდმა ბანდამ, რომელშიც ადგილობრივი და ჩეჩნეთიდან შემოგზავნილი სეპარატისტები, რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმები შედიოდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების და ქართული მოსახლეობის განდევნა მოახდინა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

"მაგრამ ცამეტი წელი ოკუპანტებისთვის თარსი თარიღია. წელს, მათ საქმე კარგად არ წაუვიდათ... იყო კოდორის წარმატებული ოპერაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან იქვე დასძინა, რომ ტერმინი "კოდორის ხეობა“ უნდა დავივიწყოთ.

"ამ ტერიტორიის ოფიციალური სახელი იქნება ზემო აფხაზეთი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამჟამად თბილისშია განლაგებული, ზემო კოდორის ხეობაში 27 სექტემბერს გადავა.

 

Civil.Ge © 2001-2024